​მიხეილ ჯანელიძემ ესტონელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ესტონეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, სადაც მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.  საკუთარ გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძემ ესტონეთის რესპუბლიკას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და ქვეყანას მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველო-ესტონეთის განსაკუთრებულად მეგობრულ და მჭიდრო ურთიერთობებს და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას საერთო მიზნები და ღირებულებები აკავშირებს. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აგრეთვე ისაუბრა საქართველო-ესტონეთის ორმხრივ ურთიერთობებზე, რომელიც თანამშრომლობის ფართო სპექტრს მოიცავს.

მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ესტონეთს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის და გამოცდილების გაზიარებისთვის სხვადასხვა სფეროში რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში.

2017 წელს ესტონეთი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ხდება, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ქვეყანას წარმატება უსურვა.  

მიხეილ ჯანელიძემ ასევე ისაუბრა საქართველო-ესტონეთის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავზე, რომელიც წელს აღინიშნება. მინისტრმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ამ წლების განმავლობაში ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბდა და გაღრმავდა სამაგალითო თანამშრომლობა და პარტნიორობა.

ესტონეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.