​პეკინში საქართველოსა და ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

2017 წლის 14 ივნისს ქ. პეკინში ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსა და ჩინეთის საგარეო უწყებებს შორის. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, ხოლო ჩინეთის დელეგაციას - ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლი ხუილაი.

კონსულტაციებზე ისაუბრეს ორ ქვეყენას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების დღიდან, 25 წლის მანძილზე საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის მზარდ დინამიკაზე და დასახეს თანამშრომლობის განვითარების სამომავლო პერსპექტივები.

მხარეებმა განსაკუთრებით აღნიშნეს საქართველოსა და ჩინეთს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში და ხაზი გაუსვეს გახშირებულ ორმხრივ ვიზიტებს სხვადასხვა დონეებზე, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებისათვის.

საუბარი ასევე შეეხო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს. ამ კუთხით, მხარეები განსაკუთრებით მიესალმნენ მიმდინარე წლის 13 მაისს ხელმოწერილ საქართველო-ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას (FTA), რომლის იმპლემენტაცია კიდევ უფრო გააღრმავებს ქვეყნებს შორის ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობას და ხელს შეუწყობს სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ სულ უფრო მეტი ჩინური კომპანია იწყებს საქმიანობას საქართველოში, რის შედეგად მნიშვნელოვნად იზრდება ერთობლივი მზა პროდუქციის წარმოების პერსპექტივები.

მხარეებმა აღნიშნეს წარმატებული თანამშრომლობა  „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ სტრატეგიის ფარგლებში. ჩინურმა მხარემ პროექტის სტრატეგიაში საქართველოს უფრო აქტიური ჩართულობის და, ასევე, ქ. თბილისში 2017 წლის 28-29 ნოემბერს პროექტის შესახებ ფორუმის ჩატარების სურვილი გამოხატა.

გარდა ამისა, კონსულტაციებზე აღინიშნა, რომ აქტიურად ვითარდება ურთიერთობები კულტურის, განათლების, მეცნიერების, ჯანდაცვისა და ტურიზმის სფეროებში და ხაზი გაესვა, აღნიშნული მიმართულებით ორ ქვეყანას შორის არსებულ  დიდ პოტენციალს. მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, გამოითქვა თანამშრომლობის გაძლიერების სურვილი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით.

მხარეები აგრეთვე შეთანხმდნენ  გააგრძელონ  თანამშრომლობა მრავალმხრივ ფორმატებში.  ყურადღება გამახვილდა არსებული სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზის ინვენტარიზაციის და მისი გამდიდრებისა და აქტუალიზაციის აუცილებლობაზე. კონსულტაციებზე ხაზგასმით აღინიშნა პეკინში საქართველოს საელჩოსა და თბილისში ჩინეთის საელჩოს საქმიანობა, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაში.

საქართველოსა და ჩინეთის საგარეო უწყებების წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების საიუბილეო თარიღის (25 წელი) ფარგლებში ორ ქვეყანაში დაგეგმილ ღონისძიებებზე.

კონსულტაციებზე, როგორც საქართველოს, ისე ჩინეთის მხრიდან აღინიშნა, რომ მხარეები მხარს უჭერენ ორი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. გარდა ამისა, ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად ეყრდნობა ურთიერთპატივისცემისა და მეგობრობის პრინციპებს.