​რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რუმინეთის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

05.10.2017 ქ. ბუქარესტი - რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა 2017 წლის 5 ოქტომბერს რწმუნებათა სიგელები გადასცა რუმინეთის პრეზიდენტს კლაუს იოჰანნის. რწმუნებათა სიგელის გადაცემის შემდეგ, გაიმართა  ელჩის შეხვედრა პრეზიდენტ კალუს იოჰანნისთან.  შეხვედრისას, განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები.
 
რუმინეთის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებობს შესანიშნავი პოლიტიკური ურთიერთობები, რომელიც მდიდარ საერთო ისტორიულ წარსულს და კულტურულ კავშირებს  ეყრდნობა.  ხაზი გაესვა ისეთი რეგიონალური პროექტების განხორციელების მნიშვნელობას, როგორებიცაა კასპიისა და შავ ზღვას შორის სატრანსპორტო და ენერგო დერეფნის ამოქმედება, რომელიც ორმხრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს. 

საუბრის დასასრულს რუმინეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობის და საქართველოსა - რუმინეთის  ეკონომიკური  პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების მნიშვნელობას.

საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ იოჰანისს რუმინეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერისათვის.