​საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) დელეგაციას შეხვდა

24.05.2017  ქ. თბილისი - ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა ევროპარლამენტის წევრებთან.  ევროპარლამენტის დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, ხოლო მის შემადგენლობაში შედიოდნენ ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები: ევროპის სახალხო პარტიის, სოციალ-დემოკრატების პროგრესული ალიანსის, ევროპის კონსერვატორთა და რეფორმატორთა ჯგუფის, ევროპის ლიბერალ-დემოკრატთა ალიანსის, ევროპის გაერთიანებულ მემარცხენეთა და მწვანეთა მემარცხენე ჯგუფის და  ევროპის თავისუფალი ალიანსი/მწვანეების ჯგუფის წევრები. 
 
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და პრიორიტეტები, საქართველოს მიერ განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები. საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპარლამენტარებს მიწოდა ინფორმაცია  ევროკავშირის სტანდარტების დანერგვის და ევროკავშირთან მაქსიმალური დაახლოების მიზნით არსებული ექვსპუნქტიანი გეგმის ძირითადი მიმართულებების შესახებ. აღინიშნა, რომ საქართველოს მხარე დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებას, მათ შორის, პოზიტიურ შედეგებს მიაღწია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების მიმართულებით. აღინიშნა ევროკავშირში ექსპორტის მზარდი დინამიკა. შეხვედრის ფარგლებში ასევე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ევროკავშირის როლზე ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. ასევე აღინიშნა ევროპული ინტეგრაციის როლი შერიგების პოლიტიკის კუთხით და მნიშვნელობა, რომ ამ პორცესის შედეგად მიღებული ყველა სარგებელი ხელმისაწვდომი იყოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის.
 
ევროპარლამენტარებმა ქართულ მხარეს მიულოცეს ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღება, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები უკვე წარმატებით სარგებლობენ. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ევროკაშირთან დაახლოების პროცესში შემდგომი ხელშესახები შედეგების მიღწევის აუცილებლობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 24 ნოემბერს ქ. ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგით მეხუთე სამიტისთვის მზადების საკითხს. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სამიტი იქნება მომავალზე ორიენტირებული და დასახავს ევროკავშირთან ინტეგრაციის შემდეგომ პერსპექტივებსა და ინიციატივებს.
 
შეხვედრის დასასრულს მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტარებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.