​საგარეო საქმეთა მინისტრი თურქ კოლეგას შეხვდა

06.09.2017 ქ. ბაქო - ბაქოში  მიმდინარე საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი (აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი) შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე შეხვდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს.

მინისტრები მიესალმნენ საქართველო-თურქეთის მეგობრულ ურთიერთობებს. შეხვედრაზე მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა  კიდევ უფრო გააძლიერონ სტრატეგიული პატნიორობა და განავითარონ როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობა.

მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხდა თურქეთს ბორჯომისა და აბასთუმანის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიური დახმარებისთვის. ასევე საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა კმაყოფილებით აღნიშნეს სამმხრივი ფორმატის ფარგლებში წარმატებული თანამშრომლობა და ხაზი გაუსვეს ამ ფორმატის მნიშვნელობას რეგიონის  განვითარების თვალსაზრისით.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს თურქეთისა და საქართველოს ჩართულობით საერთაშორისო სატრანზიტო და ენერგეტიკული პროექტების მიმდინარეობაზე და გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ სამხრეთ ენერგეტიკული დერეფნის განვითარების თვასაზრისთ.

მინისტრები მიესალმნენ საქართველოსა და თურქეთს შორის მაღალი სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს ფორმატში არსებულ ურთიერთობას, რომელიც საშუალებას იძლევა ქვეყნებმა მაღალ დონეზე განიხილონ ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარეობა.