​საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის – დავით დონდუას კომენტარი

24.08.2018 ქ. თბილისი - 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიისა და ჩვენი ქვეყნის განუყოფელი რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებიდან ათი წლის თავზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, შეხვედრა სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმების ლიდერებთან წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებას მოსკოვის მხრიდან. აღნიშნული ნაბიჯით რუსეთის ფედერაცია უშედეგოდ ცდილობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში განხორციელებული ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღისა და მიმდინარე ოკუპაციის უკანონო შედეგების ლეგიტიმაციას.
 
საერთაშორისო თანამეგობრობა არასდროს შეეგუება სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალისმიერი გზით ცვლილებას და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის ძირის გამოთხრას რუსეთის მხრიდან. სწორედ ამიტომ მთელი ათი წლის განმავლიბაში საერთაშორისო თანამეგობრობა იყო და არის ერთიანი და პრინციპული, მოუწოდებს რა რუსეთის ფედერაციას, რომ პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებსა და პრინციპებს და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია.
 
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეცვალოს 2008 წელს მიღებული უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს განუყოფელი რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ და სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, საქართველოდან თავისი შეიარაღებული ძალების გაყვანის შესახებ. ​