​საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროინტეგრაციის საკითხებზე ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაში


 
26.03.2018 ქ. თბილისი- საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა  სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში მონაწილეობა მიიღო ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის მიერ ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაში თემაზე: „არის თუ არა მზად საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის მისაღებად?“.
 
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების შეფასება. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ასევე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარემ თამარ ხულორდავამ. შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ საქართველოს საჯარო უწყებების და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
 
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ინსტიტუციონალური განვითარების მნიშვნელობაზე და საჯარო ადმინისტრირების რეფორმაზე. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციის როლზე ევროკავშირის სტანდარტებთან და რეგულაციებთან დაახლოების პროცესში. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის საგზაო რუკას, რომლიც შემუშავების პროცესში მონაწილეობას მიიღებს როგორც პარლამენტი, ასევე სამოქალაქო საზოგადოება. მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ასევე ევროკავშირთან დარგობრივი დაახლოების კუთხით დასახულ გეგმებზე.
 
ხსენებული დისკუსია წარმოადგენს მეორე ღონისძიებას პროექტის „საქართველოს ევროპული პერსპექტივის გახსნა“ ფარგლებში.