​საგარეო საქმეთა სამინისტროში კიდევ ერთხელ გაიხსენეს გამოჩენილი ქართველი დიპლომატი ლევან მიქელაძე.

 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტსა და ლევან მიქელაძის სახელობის ფონდს შორის თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ღონისძიებას, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა  მინისტრი დავით ზალკალიანი, უწყების ხელმძღვანელობა, კვლევითი ინსტიტუტისა და ფონდის წარმომადგენლები და გამოჩენილი ქართველი დიპლომატის ოჯახის წევრები. 

   ხელმოწერის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ შედგა ლევან მიქელაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მოკლე ვიდეო-რგოლის პრეზენტაცია.

 დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, არჩილ გეგეშიძემ და ინსტიტუტის ხელმძღვანელმა თინათინ ბრეგვაძემ. საკუთარ გამოსვლაში მათ ისაუბრეს, ფონდსა და კვლევით ინსტიტუტს შორის  მემორანდუმის გაფორმების მნიშვნელობაზე, ასევე გაიხსენეს ლევან მიქელაძის ღვაწლი დიპლომატიურ სამსახურში. ღონისძიების მონაწილეთა შეფასებით.

 აღნიშნული ღონისძიების 7 ნოემბერს გამართვით, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ცნობილი ქართველ დიპლომატის, ლევან მიქელაძის გამორჩეულ მოღვაწეობას ქართული სახელმწიფოს სამსახურში. ლევან მიქელაძემ 2007 წლის ნოემბრის მოვლენების დროს საჯაროდ დაგმო ძალადობა და პროტესტის ნიშნად დატოვა შვეიცარიის კონფედერაციაში ელჩისა და ქ.ჟენევაში განლაგებულ გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის  თანამდებობა. 

 „მე მსურს ხაზი გავუსვა ლევან მიქელაძის როლს, ქართული დიპლომატიის აღმშენებლობის პროცესში. ის იყო უაღრესად ღირსეული პიროვნება, რომელიც ყოველთვის იდგა იმ ევროპული ღირებულებებისა და ფასეულობების სადარაჯოზე, რომელიც მნიშვნენელოვანია ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელების კუთხით. სიმბოლურია, რომ ეს ღონისძიება გაიმართა 7 ნოემბერს. ზუსტად 11 წლის წინ, ლევან მიქელაძემ მიიღო, სამოქალაქო გმირობის ტოლფასი გადაწყვეტილება, როდესაც მან პროტესტი გამოხატა იმ ძალადობრივი და დანაშაულებრივი ქმედების მიმართ, რასაც ადგილი ჰქონდა თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე და ასევე დამოუკიდებელ ტელეკომპანია იმედში. ეს იყო მოქალაქისა და ქვეყნის დიპლომატის პროტესტი, რომლისთვისაც მთავარი იყო ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული პრინციპები და, რა თქმა უნდა, პროტესტი იმ ძალადობრივი ქმედებების წინააღმდეგ, რაც მაშინ განხორციელდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სწორედ ამ პრინციპებითა და ღირებულებებით ვიხელმძღვანელოთ. - განაცხადა ჟურნალისტებთან საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

 სსიპ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი დაფუძნდა 2012 წელს, 2014 წლის 24 აპრილს მას მიენიჭა გამოჩენილი ქართველი დიპლომატის, ლევან მიქელაძის სახელი. 2018 წლის მარტში კი კვლევითი კომპონენტის დამატების საფუძველზე, ცენტრი გარდაიქმნა სსიპ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტად.

 ინსტიტუტის მიზანია დიპლომატიური სამსახურისა და სხვა სახელმწიფო უწყებების საჯარო მოხელეების პროფესიული განათლებით უზრუნველყოფითა და ანალიტიკურ-ინფორმაციული ცოდნის გაზიარების გზით საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა. 

 ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი დაფუძნდა 2010 წელს. იგი წარმოადგენს საჯარო პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციას.