​საგზაო რუკა არის ისტორიული დოკუმენტი რომლის მიზანია ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ქვეყნის მომზადება - ზალკალიანი

14.03.2019 თბილისი - საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო საქმეთა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე სიტყვის გამოსვლის დროს ევროკავშირში გაწევრიანების მხრივ საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და ამ კონტექსტში, ხაზი გაუსვა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის (RM2EU) მნიშვნელობას: „შეიძლება ითქვას, რომ საგზაო რუკა არის ისტორიული დოკუმენტი, რომლის მიზანია რეფორმების გზით ქვეყნის მომზადება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. დოკუმენტში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებული კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილების თარიღები არ არის მითითებული, თუმცა მინიშნება გაკეთებულია ევროკავშირის დამფუძნებელი ხელშეკრულების 49-ე მუხლზე და ცალსახადაა ხაზგასმული, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საბოლოო მიზანი ევროკავშირში გაწევრიანებაა“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, დოკუმენტი ერთის მხრივ კონსოლიდაციას უკეთებს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, და მეორეს მხრივ მასში გაწერილია საქართველოს მომავალი ამბიციური გეგმები, მათ შორის რეფორმები, რომლებიც სცდება ასოცირების შეთანხმებას და ევროკავშირთან უფრო ღრმა ინტეგრაციულ პროცესებს მოიაზრებს.

დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა, რომ საგზაო რუკაში ასახულია, როგორც ასოცირების შეთანხმებით მიმდინარე რეფორმების განხორციელების მდგომარეობა, ასევე ასოცირების შეთანხმების ფარგლებში დარჩენილი მნიშვნელოვანი რეფორმები და გამოკვეთილია კონკრეტული მიმართულებები, სადაც საქართველოს აქვს ამბიცია, გასცდეს ასოცირების შეთანხმებას და მის მიღმა ევროკავშირთან უფრო ამბიციურ და ღრმა ინტეგრაციისკენ გადადგას ნაბიჯები.

მინისტრის თქმით, დოკუმენტის ასევე მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა, ადამიანის უფლებები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები, ევროკავშირის პროგრამებში ჩართულობისა და პრიორიტეტულ სააგენტოებთან თანამშრომლობის გაფართოების საკითხები, ასევე ქვეყნის ევროკავშირში ფიზიკური ინტეგრაციის პერსპექტივები და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები.

საგარეო უწყების ხელმღრვანელმა აღნიშნა, რომ  მომავალში ჩამოყალიბდება სპეციალური მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს კანონმდებლობის შესაბამისობის ანალიზს, საჭიროების შემთხვევაში რეგულაციის ზემოქმედების შეფასებას (RIA), რის შედეგადაც იდენტიფიცირებული აქტივობები აისახება ევროინტეგრაციის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმებში.

დავით ზალკალიანის თქმით საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკით განსაზღვრული რეფორმების განხორციელება ახალ დინამიზმს შესძენს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს და უზრუნველყოფს ევროკავშირის კანონმდებლობასთან ქვეყნის კანონმდებლობის მაქსიმალურ დაახლოებას, ასევე ინსტიტუციური და სექტორული ინტეგრაციის უფრო მაღალი ხარისხის მიღწევას, ვიდრე ეს ასოცირების შეთანხმებითაა გათვალისწინებული.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის  შემუშავების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი, როგორც სახელმწიფო უწყებები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და პარლამენტი. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა ა.წ. 1 მარტს განხილული და მოწონებული იქნა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის უწყებათაშორისი კომისიის მიერ.