​საქართველო არგენტინის დიპლომატიური ურთიერთობების აღსანიშნავად თბილისში ლათინოამერიკული ფილმების ფესტივალი გაიმართება

24.04.2017 თბილისი - საქართველოსა და არგენტინის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშრებით  24 აპრილს ეროვნული მუზეუმის კინოდარბაზში საზეიმო მიღება და ლათინოამერიკული ფილმების კინოფესტივალის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართება. საიუბილეო დღეების ფარგლებში 24 აპრილს საქართველოს ეწვია არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გუსტავო სლაუვინენის ხელმძღვანელობით.

კინოფესტივალზე 29 და 30 აპრილს  წარმოდგენილი იქნება, არგენტინის, ბრაზილიის, პერუს, კუბის, ეკვადორის, ჰონდურასის, იამაიკის, ჩილეს, მექსიკისა და გვატემალის ფილმები. ფესტივალზე მოწვეულნი იქნებიან საქართველოში ესპანური ენის შემსწავლელი ცენტრების, უნივერსიტეტის და კინო ფაკულტეტის სტუდენტები, ასევე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელები და კინოკრიტიკოსები. აღსანიშნავია, რომ დაინტერესებული საზოგადოებისთვის კინოფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

საიუბილეო დღეების ფარგლებში  არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის, საქართველოში ვიზიტის დროს გაიმართება ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები. დაგეგმილია დელეგაციის შეხვედრები საქართველოს იუსტიციის სახლში და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში.