​საქართველო და მოლდოვა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავენ

27.06.2017 - საქართველო და მოლდოვა 25 ივნისს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავენ, რომლის ფარგლებშიც ორივე ქვეყანაში რიგი ღონისძიებები გაიმართა. დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავთან დაკავშირებით ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მისალოცი წერილები გაცვალეს.
 
„მოხარული ვარ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ როგორც ორმხრივი, ისე  მრავალმხრივი ურთიერთობების კუთხით.  ამავდროულად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ,  ორმხრივი ძალისხმევის შედეგად, ჩვენ შევძლებთ სავაჭრო, ეკონომიკური და კულტურული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას,“ - აღნიშნულია მიხეილ ჯანელიძის მიერ მოლდოველი კოლეგისადმი გაგზავნილ წერილში.
მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი გალბურიც საქართველოსა და მოლდოვას შორის ტრადიციულად მეგობრულ ურთიერთობებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ: „ეს მნიშვნელოვანი თარიღი საშუალებას გვაძლევს კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ  ქართულ-მოლდოვურ ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობების სიმტკიცეში, რომელიც ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, ერთმანეთის ნდობას და მხარდაჭერას, რაც ორ ქვეყნას შორის პოლიტიკური დიალოგის და ორივე მხარისთვის სასარგებლო თანამშრომლობის  კიდევ უფრო გაღრმავების  მტკიცე საძირკველს წარმოადგენს.“
 
 საქართველოსა და მოლდოვას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში  საქართველოს საელჩოს ინიციატივით მოლდოვის ფოსტის მიერ დამზადდა საფოსტო კონვერტები და მარკები შესაბამისი სიმბოლიკით.  საფოსტო მარკაზე გამოსახულია საქართველოსა და მოლდოვას დროშები და ყურძნის მტევანი. ხოლო საფოსტო ბეჭედზე ამოტვიფრულია მოლდოვას სახელოვანი მმართველი -შტეფან ჩელ მარე (სტეფან დიადი 1433-1504) და საქართველოს მეფე ვახტანგ გორგასალი. 
დიპლომატიური ურთიერთობების საიუბილეო თარიღის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში ქ. კიშინეუსა და ქ. ბელციში ცენტრალურ უბნებში  ბილბორდებზე  მთელი დღის განმავლობაში ტრიალებდა საიუბილეო თარიღის აღმნიშვნელი სპეციალური ლოგო. ​