​საქართველო- გერმანიის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი მიხეილ ჯანელიძემ გერმანელ კოლეგას მიულოცა

13.04.2017 - საქართველო და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავს, რაც, სიმბოლურად, ორივე ქვეყნის მთავრობების მიერ გამოცხადებულ საქართველო-გერმანიის მეგობრობის წელს ემთხვევა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გერმანელ კოლეგას ზიგმარ გაბრიელს მისალოცი წერილი გაუგზავნა.
 
მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა გერმანელ კოლეგას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბებაში გერმანიის მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.  
 
„1992 წელს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების დღიდან, გერმანია ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს პარტნიორ სახელმწიფოდ იქცა. წლების განმავლობაში, ფინანსური და ტექნიკური დახმარების ფარგლებში, გერმანიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს ინსტიტუციურ, დემოკრატიულ და ეკონომიკურ ტრანსფორმაციაში. ბერლინი გვერდში უდგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის კუთხით.“
 
წერილში ხაზგასმულია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განსაკუთრებით გააქტიურებული ქართულ-გერმანული ურთიერთობები და წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი, რომელიც პოლიტიკური დიალოგს, ეკონომიკას, თავდაცვას, განათლებას, განვითარების პროექტებს, კულტურას და მეცნიერებას მოიცავს.  
 
საკუთარ წერილში მიხეილ ჯანელიძე გერმანია-საქართველოს მეგობრობის წლის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებსაც ეხება და ხაზს უსვამს  2018 წელს  საპატიო სტუმრის სტატუსით  ფრანქფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველოს მონაწილეობას.  
 
„ფრანქფურტის წიგნის ბაზრობა წარმოადგენს იმ პლატფორმას, რომელიც უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს, რათა გერმანიაში და მთელ ევროპაში გავიტანოთ და პოპულარიზაცია გავუწიოთ არა მხოლოდ ქართულ ლიტერატურას, არამედ მთლიანად ქართულ კულტურას და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ მის კუთვნილებას ევროპული ცივილიზაციისადმი“, აღნიშნავს მიხეილ ჯანელიძე.
 
წერილის დასასრულს მიხეილ ჯანელიძე ხაზს უსვამს გერმანიის მნიშვნელობას დღევანდელ გამოწვევებით აღსავსე სამყაროში და საქართველოს მხრიდან თანადგომას და პარტნიორობას აღუთქვამს.