​საქართველოს და მადაგასკარს შორის პირველი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

11-12.04.19 ანტანანარივუ - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალი დონის დელეგაცია მადაგასკარის რესპუბლიკას ეწვია და გამართა პირველი პოლიტიკური კონსულტაციები მადაგასკარის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. საქართველოს დელეგაციას  ხელმძღვანელობდა  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ხოლო მადაგასკარის მხარეს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივნის ტაჰირი რაციმანდაო.  

შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა ორ ქვეყანას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, კულტურის, განათლების, მეცნიერების და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივები. კონსულტაციების ფარგლებში შემუშავდა  ქვეყნებს შორის ურთიერთობების ხელშესაწყობად ორმხრივი სამართლებრივი ჩარჩოს ჩამოყალიბების და განვითარების  სამოქმედო გეგმა შემუშავდა. ქართულმა მხარემ ასევე დაადასტურა მზადყოფნა  მადაგასკარის მხარეს გაუზიაროს სახელმწიფო სერვისების, ეკონომიკური განვითარების და სხვა სფეროებში საქართველოს მიერ გატარებული წარმატებული რეფორმების გამოცდილება.

საქართველოს დელეგაციამ მადაგასკარელ კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში (აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი - ე.წ. “სამხრეთ ოსეთი”) უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარულ სფეროში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის შესახებ, ამავე დროს, მადლობა გადაუხადა მადაგასკარის ხელისუფლებას, საერთაშორისო სამართლის და გაეროს წესდების  პრინციპების შესაბამისად საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

ანტანანარივოში ვიზიტისას, საქართველოს დელეგაცია შეხვდა მადაგასკარის  რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ქრისტიან ნცაის, მადაგასკარის საგარეო საქმეთა მინისტრს,  ნიაინა ანდრიანციტოჰაინას და მადაგასკარის სენატის პრეზიდენტს, რივო რაკოტოვაოს.   საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, საქართველოს ხელისუფლების სახელით, მადაგასკარის მხარეს მიულოცა საპრეზიდენტო არჩევნების  ჩატარება და წარმატება უსურვა ახლად ჩამოყალიბებულ მთავრობას.

საქართველოს დელეგაციამ  შეხვედრები გამართა მადაგასკარის ეკონომიკური განვითარების საბჭოსთან, ტურიზმის ეროვნულ ბიუროსთან, მადაგასკარის ექსპორტიორ და იმპორტიორ, ასევე, სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელ კომპანიებთან. საუბარი შეეხო საქართველოს და მადაგასკარის ბიზნეს სექტორებს შორის თანამშრომლობის  შესაძლებლობებს.   

მადაგასკარის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და თანმხლები დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ანტანანარივოში საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნის  ცერემონიაში.