​საქართველოს ელჩის მოხსენება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტში

29.05.2017  ქ. ბერლინი - საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ბატონი ლადო ჭანტურია გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კულტურისა და საგანმანათლებლო პოლიტიკის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის, ბერნდ ფაბრიციუსის მოწვევით, ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარსდგა.

კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის სხვა წევრებთან ერთად გერმანიის პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტები - ულა შმიდტი და კლაუდია როტიც ესწრებოდნენ, საქართველოს ელჩმა საქართველო-გერმანიის წლის შესახებ ისაუბრა და გერმანელ პარლამენტარებს აღნიშნული წლის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო. ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა არსებული მჭიდრო ქართულ-გერმანული თანამშრომლობა და მადლობა გადაუხადა გერმანელ პარლამენტარებს ევროინტეგრაციის კუთხით საქართველოსადმი გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისათვის.

შეხვედრაზე გერმანელმა პარლამენტარებმა განსაკუთრებულად აღინიშნეს საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ლიდერი ქვეყნის განსაკუთრებული როლი რეგიონში და ქვეყნის მიერ ევროინტეგრაციის კუთხით მიღწეული წარმატებები. აღნიშნულ კონტექსტში, გერმანიის პარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ქალბატონმა ულა შმიდტმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის დასავლური ორიენტაციის სიმტკიცეზე, რომელშიც როგორც თავად განაცხადა, იგი სულ ცოტა ხნის წინ საქართველოში ვიზიტის დროს კიდევ ერთხელ დარწმუნდა. განსაკუთრებულად აღინიშნა ასევე რთული საგარეო პოლიტიკური გამოწვევების ფონზე საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ქვეყნის დასავლურ სტრუქტურებში გაწევრიანების კუთხით და ხაზი გაესვა გერმანიის, როგორც ევროკავშირის ლიდერი სახელმწიფოს მხარდაჭერის მნიშვნელობას.

გერმანელმა დეპუტატებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და სხვა სფეროებში და მნიშვნელოვნად მიიჩნიეს ამ კუთხით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება. გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანდრეას გიორგენმა, რომელიც ასევე ესწრებოდა საქართველოს ელჩის ბუნდესტაგში გამოსვლას, თავის გამოსვლაში საქართველოსთან თანამშრომლობა უაღრესად დადებითად შეაფასა და მნიშვნელოვნად მიიჩნია ქართული კულტურის გერმანიაში პოპულარიზაცია, რაც საქართველო-გერმანიის წლის ერთ-ერთ მთავარ მიზანსაც წარმოადგენს.