​საქართველოს ელჩმა გიორგი შარვაშიძემ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ხელმძღვანელებთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

06.02.2019  ნიდერლანდები - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში გიორგი შარვაშიძემ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პრეზიდენტთან, მოსამართლე ებოი ოსუჯისთან, პროკურორ ფატუ ბენსუდასთან და გამწესრიგებელ პიტერ ლუისთან პირველი, გაცნობითი შეხვედრა გამართა.

შეხვედრებზე განხილულ იქნა საქართველოსა და ICC-ს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების საკითხები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შორის წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, 2019 წლის 24 იანვარს, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ რობერტ  ფრემრმა ხელი მოაწერეს საქართველოს მთავრობასა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შორის „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სასჯელების აღსრულების შესახებ“ შეთანხმებას. ჰააგის სასამართლოს მსგავსი შეთანხმება გაფორმებული აქვს ისეთ ევროპულ სახელმწიფოებთან, როგორიცაა: ავსტრია, ბელგია, დანია, ფინეთი, ნორვეგია, სერბეთი, შვედეთი, სლოვენია, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო.

ასევე მნიშვნელოვანია, 2018 წლის 5 დეკემბერს, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორატში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის გოჩა ლორთქიფანიძის არჩევა. გოჩა ლორთქიფანიძე არის პირველი ქართველი, ვინც ამ ფონდში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის განკუთვნილი კვოტით აირჩიეს.