​საქართველოს ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრი ელჩები (PSC) ეწვევიან

2017 წლის 5-6 ოქტომბერს საქართველოს ეწვევიან ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრი ელჩები. 

ვიზიტის ფარგლებში PSC-ის ელჩები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან; საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი  კვირიკაშვილთან; საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან;  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, ქეთევან ციხელაშვილთან;  საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ლევან იზორიასთან;  საქართველოს პარლამენტის  თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, თამარ ჩუგოშვილთან;  ასევე,  იგეგმება ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) საველე ოფისისა და ოკუპაციის ხაზის მონახულება; ამასთანვე დაგეგმილია შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. 

ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრი ელჩების საქართველოში ვიზიტი ევროკავშირის მხრიდან საქართველოს  მხარდაჭერის კიდევ ერთ ნათელ მაგალითს წარმოადგენს და  ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პროცესში.  ვიზიტის ფარგლებში ელჩებს საშუალება ექნებათ გაეცნონ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს და ქვეყანაში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას.