​საქართველოს მთავრობამ 2019-2022 წლების საგარეო პოლიტიკის სტრატეგია დაამტკიცა

28.03.2019 თბილისი - საქართველოს მთავრობამ 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგია დაამტკიცა. ეს არის თვისობრივად ახალი, მაღალი ლეგიტიმაციის მქონე, ეროვნული დონის დოკუმენტი, რომელიც განსხვავებით წინა სტრატეგიებისგან, საქართველოს მთავრობის მიერ იქნა დამტკიცებული.

2019-2022 წლების საგარეო პოლიტიკის სტრატეგია არის უფრო კონკრეტული და შედეგზე ორიენტირებული დოკუმენტი, რომელშიც აისახა საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული მიზნები და ამოცანები და ასევე ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელთა მისაღწევად მომდევნო 4 წლის განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტრომ და მთლიანად ხელისუფლებამ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას. სტრატეგიასთან ერთად შემუშავდა 2019 წლის სამოქმედო გეგმაც.

დოკუმენტი შემუშავდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოს მიერ, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად სამთავრობო უწყებების კომპეტენციებისა და სექტორული მიმართულებების განსაზღვრას, ასევე, პოლიტიკის განმახორციელებელ უწყებებს შორის კოორდინაციის გაზრდასა და ერთიანი სამთავრობო მიდგომის განხორციელებას.

სტრატეგიაზე მუშაობის პროცესში უზრუნველყოფილ იქნა როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების, ისე სამთავრობო სტრუქტურების, პარლამენტისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ფართო ჩართულობა.