​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სამუშაო ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

05.07.2017 ქ. ბერლინი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვია. აღნიშნული ვიზიტი საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და ამ მიზნით, ახალი პერსპექტივების დასახვას ემსახურება. 
 
ვიზიტის ფარგლებში, ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრები გამართა გერმანიის ფედერალური კანცლერის სამსახურის და საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს წარმომადგენლებთან, ასევე ბუნდესტაგის წარმომადგენლებთან, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან. 
 
შეხვედრებისას განხილულ იქნა საქართველო-გერმანიას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და სამომავლო პერსპექტივები, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ქვეყანაში გატარებული დემოკრატიული რეფორმები, ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემატიკა და რეგიონული გამოწვევები.
 
გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს ისევე, როგორც ფედერალური კანცლერის აპარატის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს მიერ მიღწეულ შთამბეჭდავ პროგრესს დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისა და ევროპული ინტეგრაციის პროცესში. შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გერმანიის მიერ საქართველოს შემდგომ მხარდაჭერას ევროკავშირთან დაახლოების კუთხით. ამავე კონტექსტში, ასევე ხაზგასმით აღინიშნა ის მნიშვნელობა, რაც 2017 წლის 24 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგებს ენიჭება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავების თვალსაზრისით.
 
ბუნდესტაგის დეპუტატთან ქრისტოფ ბერგნერთან შეხვედრისას, მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა მას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქართულ-გერმანული ურთიერთობების განვითარებისა და განსაკუთრებით, 2017 წლის 28 ივნისს ბუნდესტაგის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისა და მასში მონაწილე ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუციისთვის, სადაც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების გატარების კუთხით, საქართველო გამორჩეული ლიდერია და იმსახურებს განსაკუთრებულ აღიარებას“.
 
შეხვედრებისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას. ვახტანგ მახარობლიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, გორის რაიონის სოფელ ბერშუეთის მიმართულებით არსებულ საოკუპაციო ხაზზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის აღმართვის ფაქტზე, რაც ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებას წარმოადგენს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გერმანულ მხარეს სთხოვა სათანადო რეაგირება მოახდინოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე და მიიღოს შესაბამისი ზომები რუსეთის უკანონო ქმედებების აღსაკვეთად.
 
გერმანიის ერთ-ერთი გავლენიანი პოლიტიკური ფონდის - ფრიდრიხ ებერტის ფონდის ორგანიზებით, გერმანელ ექსპერტებთან ჩატარებულ მრგვალ მაგიდაზე, რომელშიც სამთავრობო სტრუქტურებისა და წამყვანი გერმანული კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ და რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებს, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების ცალკეულ ასპექტებს. გაცნობით ხასიათს ატარებდა კიორბერის ფონდის ბერლინის ბიუროს ხელმძღვანელთან ნორა მიულერთან გამართული შეხვედრა, რომელზეც ასევე საკითხთა ფართო სპექტრს დაეთმო ყურადღება.