​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ავსტრიელ ბიზნესმენს ჯილდო „საქართველოს უცხოელი მეგობარი“ გადასცა

11.07.2017 ქ. ვენა -  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ავსტრიელ ბიზნესმენს ლეოპოლდ ბაუსბეკს საქართველოში ტურიზმის განვითარებაში, ავსტრიაში ქართული კულტურის წარმოჩენასა და ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო - „საქართველოს უცხოელი მეგობარი“ გადასცა.
 
მინისტრმა, საქართველოს მთავრობის სახელით, მადლობა გადაუხადა ლეოპოლდ ბაუსბეკს საქართველოს აღმშენებლობის საქმეში შეტანილი წვლილისთვის და პრემიერ მინისტრის სახელით საქართველოში მოიწვია.

მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსიტრომ დიასპორასთან ურთიერთობის განმტკიცების კუთხით მრავალი ახალი პროექტი განახორციელა, მათ შორის დიასპორის წარმომადგენლების დაჯილდოების პირველი ოფიციალური ცერემონია. „დიასპორის დაჯილდოება 2017“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით და  მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტთან (ENIGMMA მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში) თანამშრომლობით ჩატარდა და საქართველოს განვითარების საქმეში და საქართველოს იმიჯის პოპულარიზაციაში საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების და საქართველოს უცხოელი მეგობრების ღვაწლის აღიარებას ემსახურება.  
 
აღსანიშნავია, რომ ლეოპოლდ ბაუსბეკი არის ABV ჯგუფისა და მარკო პოლოს მფლობელი, რომელიც საქართველოს 1983 წელს ეწვია და მას შემდეგ დიდი წვლილი შეიტანა ქართული ტურიზმის, კულტურისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებაში. მან ააშენა სასტუმროები მარკო პოლო გუდაურში და „მეტეხი პალასი“ თბილისში. მისი ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა პირველად საქართველოს საელჩო ავსტრიაში. ლეოპოლდ ბაუსბეკის ხელშეწყობით ავსტრიაში გაიმართა ბევრი ქართველი ხელოვანის გამოფენა, კონცერტი და სხვა კულტურული ღონისძიება. მისი დაფინანსებით მრავალ ქართველ სტუდენტს ავსტრიაში სწავლის საშუალება მიეცა.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც ეუთო-ს არაფორმალურ მინისტერიალში მონაწილეობის მიზნით ავსტრიაში იმყოფებოდა, პირადად გადასცა ჯილდო ავსტრიელი ბიზნესმენს. ჯილდო (ფირფიტა) წარმოადგენს ადრინდელი ანტიკური ხანის ქართული ოქრომჭედლობის და საქართველოს მატერიალური კულტურის უმნიშვნელოვანესი ნიმუშის, ექვთიმე თაყაიშვილის მიერ შეგროვებული და გადარჩენილი საგანძურის ერთ-ერთი ექსპონატის ასლს.