საგარეო საქმეთა სამინისტროში ბუნებრივი მოვლენების წინასწარი გაფრთხილების სისტემის პროექტის (MHEWS) განხორციელების შესახებ შეხვედრა გაიმართა

16.02.2018 ქ.თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ  ნოდარ კერესელიძემ და გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა ნილს სკოტმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართეს ერთობლივი შეხვედრა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა მწვანე კლიმატის ფონდთან (Green Climate Fund) თანამშრომლობით ბუნებრივი მოვლენების წინასწარი გაფრთხილების სისტემის პროექტის (MHEWS) განხორციელების საკითხი.

შეხვედრის დროს აღინიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობის 40% ცხოვრობს წყალდიდობების, მეწყერების, ზვავების და სხვა ბუნებრივი მოვლენების საფრთხის ქვეშ. შესაბამისად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენლობამ მოამზადეს საპროექტო დოკუმენტაცია საქართველოს შესაბამის რეგიონებში ბუნებრივი მოვლენების წინასწარი გაფრთხილების სისტემის ჩამოყალიბების მიზნით.

შეხვედრის ფარგლებში დიპლომატიური კორპუსისთვის გაკეთდა პრეზენტაცია საქართველოსთვის MHEWS-ის პროექტის მნიშვნელობაზე და ეთხოვათ წარმოდგენილი პროექტის მხარდაჭერა.