​საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პირველი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

2019 წლის 15 ნოემბერს, სკოპიეში, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პირველი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას ხელმძღვანელობდა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონიის მხრიდან კონსულტაციებს უძღვებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი ჟერნოვსკი.
 
მხარეები მიესალმნენ მიმდინარე წლის თებერვალში ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას და გამოხატეს მზაობა როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის განვითარების თაობაზე. ამ მხრივ, აღინიშნა პირველი პოლიტიკური კონსულტაციების განსაკუთრებული მნიშვნელობა.
 
კონსულტაციების ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრთან ნიკოლა დიმიტროვთან, რომელმაც ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზის შემდგომი განვითრების მნიშვნელობას. ამ კონტექსტში, აღინიშნა მიმდინარე წლის სექტემბერში ხელმოწერილი თანამშრომლობის ოქმი ორი ქვეყნის საგარეო უწყებას შორის.
 
კონსულტაციებზე განხილულ იქნა საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის სექტორული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები. სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, ხაზი გაესვა ვიზიტებისა და უწყებათაშორისი ინტერაქციის აუცილებლობას. გამოითქვა მზაობა, უახლოეს მომავალში, ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების გაფორმების თაობაზე. ასევე, ინიცირებულ იქნა ორმხრივი სამართლებრივი ბაზის გაფართოების საკითხი სავაჭრო-ეკონომიკური, ტურიზმის, სამართალდაცვის, განათლების, კულტურის, სოფლის მეურნეობისა და სხვა მიმართულებით.
 
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხს, რაც ორივე ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. განხილულ იქნა ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ გზაზე არსებული მიღწევები, მიმდინარე აქტუალური საკითხები და გამოწვევები. ხაზი გაესვა როგორც ევროკავშირთან, ასევე ნატო-სთან ინტეგრაციის პროცესში გამოცდილების გაზიარებისა და აქტიური ინტერაქციის გაგრძელების აუცილებლობას. 
 
კონსულტაციებზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. ვახტანგ მახარობლიშვილმა მასპინძელ მხარეს გააცნო ადგილზე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და მძიმე ჰუმანიტარული ვითარება, მცოცავი ანექსიისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები. ამ კუთხით, ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის როლს საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივების განხორციელების პროცესში. მან, ასევე მადლობა გადაუხადა მაკედონელ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
მხარეებმა განიხილეს გლობალურ საერთაშორისო დღის წესრიგში არსებული სხვა აქტუალური საკითხები და მინისტრის მოადგილეები შეთანხმდნენ ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტიური დინამიკის შენარჩუნებაზე.
 
ვიზიტის ფარგლებში, ასევე შეხვედრა გაიმართა ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტის მრჩეველთან საგარეო პოლიტიკის საკითხებში გოცე კარაიანოვთან და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველთან ბლერიმ კოლალისთან. კიდევ ერთხელ აღინიშნა დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობა, განხილულ იქნა საერთაშორისო უსაფრთხოების, მათ შორის ჰიბრიდული მიმართულებით არსებული გამოწვევები. ხაზი გაესვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ინტერაქციას და საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობას.