​საქართველოსა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

 2019 წლის 18 ნოემბერი, თბილისი - საქართველოსა და დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა. ქართული მხრიდან კონსულტაციებს ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი, დანიის მხრიდან - საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული სამეზობლოს დეპარტამენტის უფროსი - ლარს ბო მოლერი.

ქართული მხრიდან კონსულტაციებში ასევე მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური, ევროინტეგრაციის, ნატო-ში ინტეგრაციისა და საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტების ხელმძღვანელები.

მხარეებმა კმაყოფილება გამოხატეს ორი ქვეყნის საგარეო უწყებას შორის პოლიტიკური კონსულტაციების რეგულარულ ხასიათთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვეს არსებული პლატფორმის მნიშვნელობას თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების კუთხით.
ისინი მიესალმნენ ორ ქვეყნის ურთიერთობებში ბოლოდროინდელ დინამიკას, ხაზი გაუსვეს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას და აღნიშნეს წარმატებული თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა „ნორდიკულ-ბალტიური რვიანის“ (NB8) ფარგლებში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს.

ქართულმა მხარემ დანიურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. ხაზი გაესვა დანიის მონაწილეობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) და ნატო-ს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში.

ქართულმა მხარემ ასევე მადლიერება გამოხატა განვითარების სფეროში დანიის მიერ გაწეული დახმარების გამო, რომელიც ქვეყნის ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. განსაკუთრებით გაესვა ხაზი “დანიის სამეზობლო პროგრამის - DANEP”-ის ფარგლებში (2017-2021 წ.წ.), საქართველოსთვის პრიორიტეტული ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, რაც როგორც ფინანსური, ასევე პოლიტიკური მხარდაჭერის მაჩვენებელია.

კონსულტაციების ფარგლებში, აღინიშნა ეკონომიკური მიმართულების გაღრმავებისა და არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების აუცილებლობა. ამასთან, ყურადღება გამახვილდა დანიელი ტურისტების მზარდ რაოდენობაზე, რაც საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების პოპულარობაზე მიუთითებს. ამ კონტექსტში, მხარეები მიესალმნენ პირდაპირი ფრენების დანიშვნას.

ყურადღება გამახვილდა სექტორალური თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე, კერძოდ, თავდაცვის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით.

კონსულტაციების ფარგლებში, დეტალურად განიხილეს საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგი, საგზაო რუკა და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივები. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში 2020 წლის შემდგომ პრიორიტეტებზე, პერსპექტივებსა და გამოწვევებზე. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ევროკავშირის მხრიდან დიფერენციაციისა და „მეტი მეტისთვის“ პრინციპის უზრუნველყოფის საკითხს.​ ლარს ბო მოლერმა დაადასტურა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა, ამავდროულად აღნიშნულ პროცესში ხაზი გაუსვა ქვეყნის მიერ ევროკავშირის შესაბამისი  კრიტერიუმების დაკმაყოფილების მნიშვნელობას.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ევროატლანტიკური  ინტეგრაციის მიმდინარეობაზე და საქართველოს მხრიდან ალიანსთან ინტეგრაციის არსებულის ინსტრუმენტების წარმატებული იმპლემენტაციის პროცესზე. დანიელმა დიპლომატმა  დაუდასტურა ქართულ მხარეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი დანიის მხარდაჭერა და აღნიშნა პრაქტიკული თანამშრომლობის მნიშვნელობა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან თავსებადობის გაზრდის კუთხით. 

დანიელ დიპლომატს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თავალსაზრისით არსებულ რთულ ვითარებაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზე.  ყურადღება გამახვილდა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკაზე და  ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტურად გამოყენების ძალისხმევაზე. აღინიშნა პარტნიორების კონსოლიდირებული და მტკიცე პოზიციის საჭიროება საერთაშორისო დღის წესრიგში საკითხის აქტუალურობის შენარჩუნების კუთხით. 

ამასთან, მხარეებმა მიმოიხილეს  საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის მიმართულებები. ქართულმა მხარემ გამოხატა კმაყოფილება გაეროს ფარგლებში დანიის მიერ საქართველოს რეზოლუციების მხარდაჭერისთვის და თანასპონსორობისთვის. ამასთან, მხარეებმა ისაუბრეს ეუთოს მომავალ მინისტერიალზე და ევროპის საბჭოს საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას.