​საქართველოსა და ეკვადორის რესპუბლიკას შორის პოლიტიკური კონსულტაციების მეორე რაუნდი გაიმართა

09.04.2019 კიტო - გრძელდება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვახტანგ მახარობლიშვილის სამუშაო ვიზიტი ეკვადორის რესპუბლიკაში. 9 აპრილს, კიტოში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეკვადორის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და კულტთა სამინისტროს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მეორე რაუნდი. მასპინძელი მხრიდან პოლიტიკურ კონსულტაციებს ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე ანდრეს ტერანი. 
 
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხების ფართო სპექტრი.  ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის დადებით დინამიკას. 
 
აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების აუცილებლობა. განსაკუთრებული ყურადღება სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე გამახვილდა. ამ თვალსაზრისით, გამოიკვეთა სოფლის მეურნეობის და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის ინტერესი და მზაობა. მხარეები მიესალმნენ საგარეო უწყებების ხელშეწყობით „აწარმოე საქართველოსა”  და ეკვადორის სავაჭრო-სამრეწველო პალატას (Pro-Ecuador) შორის თანამშრომლობის ხელშეწყობასა და უწყებებს შორის უახლოს პერიოდში ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებას, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ორმხრივ, ისე ლათინოამერიკულ ქვეყნებთან საქართველოს ბიზნესურთიერთობების გააქტიურებას. საუბარი ასევე შეეხო კულტურისა და განათლების სფეროებში არსებულ თანამშრომლობას. ეკვადორის მხარემ მადლიერება გამოხატა საქართველოს მთვარობის მიერ ეკვადორისათვის ყოველწლიური სასწავლო სტიპენდიების გამოყოფის გამო. 
 
მინისტრის მოადგილეებმა მიმოიხილეს თანამშრომოლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარლებში. შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. ვახტანგ მახარობლიშვილმა მასპინძელ მხარეს დეტალურად გააცნო ადგილზე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და მძიმე ჰუმანიტარული გარემო და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები. ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესის მნიშვნელობას და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის გადამწყვეტ როლს საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივების განხორციელების პროცესში.
 
ეკვადორის მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ურყევი პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ქართულმა მხარემ გამოხატა მადლიერება ეკვადორის მთავრობის პოზიციის მიმართ.

ვახტანგ მახარობლიშვილმა ეკვადორის მხარეს მიაწოდა ინფორმაცია ევროკავშირთან თანამშრომლობის, საქართველოს ნატოში ინტეგრაციასა და გლობალურ საერთაშორისო დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხების შესახებ. 
 
ეკვადორის მხარეს, გამოცდილების გაზიარების კუთხით, ეცნობა საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების შესახებ. ყურადღება გამახვილდა კორუფციის აღმოფხვრის, სახელმწიფო სერვისების მიწოდების გაუმჯობესებისა და ეკონომიკური რეფორმების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე. ეკვადორის მხარემ გამოთქვა მზაობა აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობის დაწყებასთან დაკავშირებით. 
 
პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში ვახტანგ მახარობლიშვილმა და ანდრეს ტერანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას "საქართველოსა და ეკვადორის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური, ოფიციალური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ". 
 
ეკვადორში ვიზიტის ფარგლებში შედგა ვახტანგ მახარობლიშვილის ინტერვიუ ეკვადორის პოპულარულ ჟურნალთან "El Comercio".