​საქართველოსა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს


28.03.2018 ქ.თბილისი - ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან ჟან ასელბორნთან შეხვედრა გამართა.
 
საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის აქტუალური საკითხები. ჟან ასელბორნმა დადებითად შეაფასა ჩვენს ქვეყანაში გატარებული რეფორმების შედეგად მიღწეული პროგრესი და კვლავ დაადასტურა საქართველოს ევროპული გზისადმი მტკიცე მხარდაჭერა.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და ლუქსემბურგს შორის ჩამოყალიბებულ ორმხრივ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. მინისტრებმა აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება და ბიზნეს-წრეებს შორის ინტენსიური კავშირების ხელშეწყობა. ამ კონტექსტში ასევე ხაზი გაესვა, რომ საქართველომ წარმატებით დაიმკვიდრა ინვესტიციებისათვის ხელსაყრელი ქვეყნისა და მსხვილი ეკონომიკური (სატრანსპორტო, ენერგეტიკული და სხვა) პროექტების რეგიონული ცენტრის (ჰაბის) სტატუსი.   

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით შექმნილ ურთულეს ვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ტრაგიკულ ფაქტზე, რომელიც რუსეთის ოკუპაციისა და ანექსიის პოლიტიკას ემსხვერპლა. ამასთან, ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ გამოწვევებს, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობებსა და გლობალური მნიშვნელობის სხვა საკითხებს.

მინისტრმა ასელბორნმა შეშფოთება გამოხატა არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე და კიდევ ერთხელ დააფიქსირა ლუქსემბურგის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთობლივი პრეს-კონფერენცია გამართა.

ჟან ასელბორმა ყვავილების გვირგვინით შეამკო საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი.

თბილისში ვიზიტის ფარგლებში ასევე შედგება ლუქსემბურგის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან თამარ ჩუგოშვილთან.
 
აღსანიშნავია, რომ მინისტრი ასელბორნი უკვე მეოთხედ სტუმრობს საქართველოს. მისი ვიზიტი ემსახურება როგორც ორმხრივ ურთიერთობებში ახალი დინამიკის შეტანას, ისე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი ლუქსემბურგისა და პირადად მინისტრ ასელბორნის, როგორც თვალსაჩინო ევროპელი პოლიტიკოსისა და მოღვაწის,  მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დადასტურებას.