​საქართველოსა და შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

23.11.2018 სტოკჰოლმი - საქართველოსა და შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა. ქართული მხრიდან კონსულტაციებს ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, შვედეთის მხრიდან - საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური დირექტორი პოლიტიკურ საკითხებში ანა-კარინ ენსტრომი.

მხარეები მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, რაც მაღალი დონის ვიზიტებითა და თანამშრომლობის ინტენსიური დღის წესრიგით ხასიათდება. აღინიშნა საქართველოსა და შვედეთის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების პლატფორმის მნიშვნელობა ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების თვალსაზრისით.

ვახტანგ მახარობლიშვილმა შვედურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, არაღიარების პოლიტიკისა და ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის, რასაც შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა მაღალი ტრიბუნიდან აჟღერებენ. ასევე, აღინიშნა შვედეთის, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის თანაავტორის, პოზიტიური წვლილი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში.  მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა შვედეთის აქტიურ მონაწილეობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) და ნატო-ს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში. ის მიესალმა ოფიციალური სტოკჰოლმის ღირებულებებზე დაფუძნებულ პოლიტიკას და პრინციპულ მიდგომებს საგარეო ურთიერთობებში. ამ კონტექსტში, აღინიშნა ორი ქვეყნის ერთგულება საერთო ღირებულებებისა და პრინციპებისადმი. 

ქართულმა მხარემ ასევე მადლიერება გამოხატა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მრავალწლიანი საქმიანობის გამო, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებას.

კონსულტაციების დროს, დადებითად შეფასდა ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდა, თუმცა, აღინიშნა ეკონომიკური მიმართულების შემდგომი გაღრმავებისა და არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების აუცილებლობა. ასევე, მხარეები მიესალმნენ  შვედეთში ქართული ღვინის პოპულარობის ზრდის ფაქტს და  აღნიშნეს სხვა სასურველი პროდუქციის შვედურ ბაზარზე დამკვიდრების პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა შვედი ტურისტების მზარდ რაოდენობაზე, რაც საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების პოპულარობაზე მიუთითებს. 

საქართველოსა და შვედეთის სამეფოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების პარალელურად, მხარეებმა მიმოიხილეს მრავალმხრივ ფორმატებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში წარმატებული ინტერაქცია. 

კონსულტაციების ფარგლებში, დეტალურად განიხილეს საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგი, საგზაო რუკა და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა 2018 წლის 21 ნოემბერს, ბრიუსელში გამართულ უმაღლესი დონის შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიის წარმომადგენლებს შორის გაიმართა. შვედეთის მხარემ ხაზი გაუსვა საქართველოს შთამბეჭდავ პროგრესს და განხორციელებულ რეფორმებს, რაც ქვეყანას კიდევ უფრო აახლოებს ევროპულ სტანდარტებთან. ანა-კარინ ენსტრომმა დაადასტურა შვედეთის, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის თანაავტორის, მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი. 

მინისტრის მოადგილემ შვედ დიპლომატს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, ჟენევის მოლაპარაკებებსა და მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკასთან დაკავშირებით. მან ყურადღება გაამახვილა კონფლიქტის ზონაში ადამიანის უფლებათა მასობრივ დარღვევებზე. ხაზი გაესვა პარტნიორების კონსოლიდირებული პოზიციის საჭიროებას საერთაშორისო დღის წესრიგში საკითხის აქტუალურობის შენარჩუნების კუთხით. ქართულმა მხარემ მადლიერება გამოხატა საქართველო-რუსეთის 10 წლისთავთან დაკავშირებით შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მარგოტ ვალსტრომის განცხადების თაობაზე. შვედმა დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანა, მომავალშიც, დააფიქსირებს პრინციპულ პოზიციას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. 

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სამუშაო ვახშამი გამართა აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ელჩთან ანა ვესტერჰოლმთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შვედეთის წამყვანი ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები (საერთაშორისო ურთიერთობების შვედური ინსტიტუტი, შვედეთის თავდაცვის კვლევის სააგენტო, სტოკჰოლმის გარდამავალი ეკონომიკის ინსტიტუტი, Forum Syd). აღნიშნულ ვახშამზე, განიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი და სიტუაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე, საქართველოში მიმდინარე პროცესები და რეგიონში არსებული ვითარება.  

ვიზიტის ფარგლებში, ვახტანგ მახარობლიშვილი ასევე შეხვდა მიგრაციის საკითხებში შვედეთის სახელმწიფო მდივანს ლარს ვესტბრატს. აღნიშნულ შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, მხარეებმა მიმოიხილეს უვიზო მიმოსვლის ბოროტად გამოყენების პრობლემატიკა. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის წარმატებულ თანამშრომლობას და შემდგომი კოორდინირებული ქმედებების მნიშვნელობას.