​საუდის არაბეთი და საქართველო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას ავითარებენ

18.04.2017 - საუდის არაბეთის სამეფოს მინისტრთა კაბინეტმა საუდის არაბეთის ტურიზმისა და ეროვნული მემკვიდრეობის კომისიის პრეზიდენტს მიანიჭა უფლებამოსილება, ქართულ მხარესთან განიხილოს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი და მისი ხელმოწერის საკითხი.
 
აღნიშული გადაწყვეტილების მნიშვნელობასა და საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის ჩამოყალიბებული ნაყოფიერი ურთიერთობების შესახებ ვრცლად საუბრობს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საუდის არაბეთის სამეფოში გიორგი ჯანჯღავა საუდის არაბეთის სამეფოს წამყვან გაზეთ " ალ ჯაზირა“-ში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში.
 
ელჩის თქმით, სამეფო კარის ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს ორ ქვეყენას შორის ეკონომიკის, ვაჭრობის და ტურიზმის სფეროში ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების წინაპირობას  და საგრძნობლად გაზრდის საუდის არაბეთიდან საქართველოში ჩამომსვლელ ტურისტთა რაოდენობას და ტურიზმის დარგში მათ მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს. ელჩი დადებითად აფასებს არსებულ დინამიკას ტურიზმის მიმართულებით. მისი ინფორმაციით,  2016 წელს საქართველოში საუდის არაბეთიდან შემოსულ ტურისტთა რაოდენობა  წინა წელთან შედარებით  300 პროცენტით გაიზარდა და ამ კუთხით სამეფო კარის აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ უფრო ფართო პერსპექტივებს გახსნის.

ელჩის ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შედეგად საუდის არაბეთიდან ინვესტიციებმა 100 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო 2016 წელს ორმხრივი ვაჭრობა 360%-ით გაიზარდა, თუმცა პოტენციალი ჯერ კიდევ დიდია და ქართული მხარე აქტიურად მუშაობს საუდის არაბეთში საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ცნობადობის ამაღლებაზე.
 
საუდის არაბეთის ტურიზმისა და ეროვნული მემკვიდრეობის კომისიასა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი მოიცავს თანმშრომლობის სხვადასხვა ასპექტებს.