​თურქმენეთსა და ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩობის კანდიდატები საქართველოს პრეზიდენტს შეხვდებიან

01.02.2019 ქ. თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქმენეთსა და ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების კანდიდატურები წარადგინა.
 

თურქმენეთში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად წარდგენილია მამუკა მურჯიკნელის კანდიდატურა. მამუკა მურჯიკნელი 2017 წლის მარტიდან დღემდე მოღვაწეობს აშშ.-ში, ვაშინგტონში დამოუკიდებელ კონსულტანტად. 2015-2017 წლებში, ასევე ვაშინგტონში  ის იკავებდა  ,,სკაილენდ პეტროლეუმ გრუპ“-ში საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას.  2007 – 2015 წლებში მამუკა მურჯიკნელი მუშაობდა შპს ,,ტეტის პეტროლეუმ ლიმიტედი“-ში (აშშ ქ. ვაშინგტონი) საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში კორპორატიულ საქმეთა მენეჯერის, ხოლო 2015 წლიდან ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე.  2005-2006 წლებში იკავებდა მენეჯერის პოზიციას საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში კანარგოში (აშშ ქ. ვაშინგტონი).
მამუკა მურჯიკნელს ასევე გააჩნია დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის მდიდარი გამოცდილება, 1999-2005 წლებში ის იკავებდა აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საელჩოში ატაშეს შემდეგ კი უფროსი მრჩევლის თანამდებობებს. საგარეო უწყებაში მუშაობა მან დაიწყო1998 წელს, პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრში მთავარ სპეციალისტად.
 
ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე  წარდგენილი იქნა  ლევან ღვაჩლიანის კანდიდატურა.  ლევან ღვაჩლიანი 2015 წლიდან დღემდე იკავებს ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს კონსულის პოზიციას.
ლევან ღვაჩლიანი გახლავთ კარიერული დიპლომატი. 2007- 20014 წლებში ის საგარეო საქმეთა სამინისტროში იკავებდა  დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, მინისტრის სამდივნოს მრჩეველის და გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობებს.
2014 – 2015 წლებში იყო ქ. თბილისის მერიის პროტოკოლის სამსახურის უფროსი, შემდეგ კონტროლის სამსახურის უფროსი. 2006 – 2007 წლებში ლევან ღვაჩლიანი  იყო სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის კადრების სამმართველოს მომზადების ცენტრის ქვეგანყოფილების უფროსი; 2005 წლიდან 2006 წლამდე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამომძიებლად.

წარდგენილ კანდიდატებთან შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ​დღეს გამართავს.