​ვახტანგ მახარობლიშვილი ეკვადორის რესპუბლიკას ეწვია

8.04.2019 კიტო - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი ეკვადორის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა მინისტრის მოადგილის შეხვედრები ეკვადორის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს სტრატეგიული კოორდინაციების სამსახურის უფროსთან, მინისტრის მრჩეველთან ფილიპ ბუფლესთან,  სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტთან კარლა პალასიოსთან და  ეკვადორის მწარმოებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის წარმომადგენლებთან.

შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ეკვადორს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები.  ეკვადორის მხარეს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური პრიორიტეტების, ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკის, მათ შორის, პრეფერენციული რეჟიმების, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობისა და სავაჭრო/სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციის შესახებ. მხარეები შეთანხმდნენ, უახლოეს მომავალში, ბიზნეს დელეგაციებისა და სავაჭრო მისიების ვიზიტების განხორციელებაზე.

ვახტანგ მახარობლიშვილი ასევე შეხვდა ეკვადორის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, ელისაბეტ კაბესასს და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს მარია ესტერ კუესტას. შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო პოლიტიკურ დიალოგს,  მათ შორის, საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავების და ორმხრივი დელეგაციების ვიზიტების გაცვლის მნიშველობას. ეკვადორის მხარის განმარტებით უახლოეს პერიოდში დასრულდება საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ჩამოყალიბება, რაც დამატებით იმპულს შესძენს საკანონმდებლო ორგანოებს შორის მჭიდრო კავშირების გააქტიურებას.

ვახტანგ მახარობლიშვილმა ეკვადორის მხარეს მიაწოდა დეტალური იფორმაცია რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობისა და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ეკვადორის  მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის.