​ვახტანგ მახარობლიშვილი ევროკომისიის სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის აღმოსავლეთ სამეზობლო და ინსტიტუციური განვითარების დირექტორს შეხვდა

23.10.2019 ქ. თბილისი - 2019 წლის 23 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრა გამართა ევროკომისიის  სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის აღმოსავლეთ სამეზობლო და ინსტიტუციური განვითარების დირექტორთან ლორენს მერედიტთან, რომელიც მონაწილეობას ღებულობს აბრეშუმის გზის რიგით მესამე ფორუმში.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში არსებულ აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის ყურადღება გაამახვილეს ევროკავშირის დახმარების ინსტრუმენტების შენარჩუნებისა და მაღალი დონის შეხვედრების ჩატარების პრაქტიკის გაგრძელების აუცილებლობაზე.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ევროკომისიის წარმომადგენელს ევროკავშირის მხრიდან გაწეული სოლიდური ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერისათვის, რომელიც მიზნად ისახავს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებისა და საქართველოს მიერ დაგეგმილი ამბიციური რეფორმების განხორციელების ხელშეწყობას.

ევროპულმა მხარემ პოზიტიურად შეაფასა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ფარგლებში მიმდინარე რეფორმები და ასევე, ქართულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია ევროკომისიის ახალი შემადგენლობის ფორმირების კუთხით არსებული მოვლენების შესახებ.

საუბრის დასასრულს მხარეებს შორის გამოითქვა თანამშრომლობის მიმდინარე ფორმატების შენარჩუნებისა და გაძლიერების მზაობა, მათ შორის, განხილულ იქნა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების შესაძლებლობა ქ. ბრიუსელში.