​ვახტანგ მახარობლიშვილმა საქართველოში ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის, პერუს რესპუბლიკის, ტაილანდის სამეფოს, ტაჯიკეთის რესპუბლიკის და ფილიპინების რესპუბლიკის ელჩები მიიღო

24.05.2019 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვახტანგ მახარობლიშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცეს საქართველოში ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ელჩმა, ნგუიენ თჰი ჰონგ ოანმა (რეზიდენციით ქ. ნურ-სულთანი), პერუს რესპუბლიკის ელჩმა, მარია მილაგროს კასტანიონ სეოანემ (რეზიდენციით ქ. ბაქო), ტაილანდის სამეფოს ელჩმა, ფანტიფა იამსუდა ეკაროჰიტმა (რეზიდენციით ქ. ანკარა),  ტაჯიკეთის რესპუბლიკის ელჩმა, რუსტამ სოლიმ  (რეზიდენციით ქ. ბაქო) და ფილიპინების რესპუბლიკის ელჩმა, რაულ ჰერნანდესმა (რეზიდენციით ქ. ანკარა).

მხარეებმა შეხვედრებზე განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები - სახელშეკრულებო ბაზის, სავაჭრო–ეკონომიკური კავშირების გაღრმავების და საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის პერსპექტივები.
 
ელჩებს ასევე მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებაზე. 
 
მინისტრის მოადგილემ ელჩებს მიულოცა აღნიშნულ თანამდებობებზე დანიშვნა, გამოთქვა  თანამშრომლობის მზადყოფნა და წარმატებები უსურვა მათ მომავალ საქმიანობაში.