​ყაზახეთისა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრები თავიანთ ქართველ კოლეგას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

26.05.2019 - ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბეიბუტ ატამკულოვი თავის ქართველ კოლეგას, დავით ზალკალიანს  დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე წარმატებებს უსურვებს.

„ბოლო წლებში საქართველოში უამრავი შესანიშნავი ცვლილება განხორციელდა რაც საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტის ზრდასა და ეროვნული სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაზე მიუთითებს“ - წერს ბეიბუტ ატამკულოვი და იმედს გამოთქვამს, რომ ორი საგარეო უწყების კონსტრუქციული ურთიერობა მყარ საფუძველს შეუქმნის ყაზახეთსა და საქართველოს შორის ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დავით ზალკალიანს მისალოც  წერილს უგზავნის ასევე თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რაშიდ მერედოვი და იმედს გამოთქვამს, რომ „საქართველოსა და თურქმენეთს შორის ტრადიციულად არსებული მეგობრული ურთიერთობა, რომელიც ურთიერთპატივისცემისა და თანასწორი პარტნიორობის პრინციპებს ემყარება, მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და განვითარდება“.