​ზიგმარ გაბრიელი: უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველოს შთამბეჭდავი რეფორმების და პოლიტიკური აღმავლობის ნიშანია

13.04.2017 - „გასული მეოთხედი საუკუნის მანძილზე ჩვენ ქვეყნებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ჩვენი თანამშრომლობა მჭიდრო და სანდოა, “ - აღნიშნულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ზიგმარ გაბრიელის წერილში, რომელიც მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან დაკავშირებით გამოუგზავნა. 

ზიგმარ გაბრიელმა დადებითად შეაფასა ორ ქვეყნას შორის არსებული ურთიერთობები და განსაკუთრებით აღნიშნა წარმატებული თანამშრომლობა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით,  „ ჩვენ ერთობლივად წარმატებით მივაღწიეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლას, რაც არამარტო საქართველოში რეფორმების შთამბეჭდავად განხორციელებისა და ქვეყნის პოლიტიკური აღმავლობის ნიშანია, არამედ ასევე მოწმობს იმ ფაქტს, რომ გერმანიის მთავრობა საგარეო და მიგრაციის პოლიტიკის თვალსაზრისით მისთვის რთულ პერიოდში საქართველოსთან მიმართებაში თავისი დაპირებების ერთგული რჩება“.

წერილში აღნიშნულია ასევე ეკონომიკის, განვითარების, განათლების, კულტურის და სამეცნიერო მიმართულებებით მაღალი დონის თანამშრომლობა, რომლის მიზანსაც გერმანიაში საქართველოს ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტურიზმის კუთხით ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს.

ზიგმარ გაბრიელის განცხადებით ორ ქვეყანას შორის სამაგალითო თანამშრომლობის დასტურია გერმანია-საქართველოს მეგობრობის წელი, რომელიც 26 აპრილს გერმანიაში საზეიმოდ გაიხსნება და მომდევნო 18 თვის მანძილზე ორივე ქვეყნაში გერმანული და ქართული კულტურის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

წერილის დასასრულს ზიგმარ გაბრიელი საქართველოს და გერმანიას „სანდო თანამშრომლობის წარმატებულ გაგრძელებას და კიდევ უფრო გაღრმავებას უსურვებს.“
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის წერილი მიხეილ ჯანელიძეს საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ჰაიკე პაიჩმა ოფიციალურად გადასცა.