დავით ზალკალიანი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

10.09.2018 ქ.ერევანი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის სომხეთის რესპუბლიკაში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ზოჰრაბ მნაცაკანიანთან.

შეხვედრაზე მინისტრებმა განიხილეს საქართველო-სომხეთის ურთიერთობების დღის წესრიგის აქტუალური საკითხები. მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმდინარე ვიზიტს სომხეთის რესპუბლიკაში, ისევე როგორც აღინიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ პაშინიანის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, რამაც დამატებითი იმპულსი მისცა ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას. მინისტრებმა მიმოიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის მხარეები შეთანხმდნენ გაააქტიურონ მუშაობა მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მომზადების თვალსაზრისით.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიულოცა სომეხ კოლეგას ფრანკოფონიის სამიტის მასპინძლობა ერევანში და  აღნიშნა საქართველოს მაღალი დონის მონაწილეობა სამიტზე, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წილუკიანი დაესწრება.მინისტრები შეთანხმდენ მომავალშიც ხელი შეუწყონ ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე საქართველოს დელეგაციის თანხლებით, სომხეთის რესპუბლიკას  ოფიციალური ვიზიტით ა.წ. 10 სექტემბერს სტუმრობს. მამუკა ბახტაძემ ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრთან,  პრეზიდენტთან და  პარლამენტის თავმჯდომარესთან.