დავით ზალკალიანი სოფელ გუგუტიანთკარში ჩავიდა

17.08.2019 - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დღეს  სოფელ გუგუტიანთკარში ჩავიდა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელი ადგილზე გაეცნო შექმნილ ვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობისგან მოისმინა ინფორმაცია მათი საჭიროებებისა და არსებული მდგომარეობის შესახებ.
დავით ზალკალიანმა მოსახლეობას მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებებზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული  სამუშაოების შესახებ.
მინისტრმა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა სოფელში არსებული ვითარება , მათ შორის ადგილზე ნახა საოკუპაციო ძალების მიერ დამონტაჟებული რკინის ღობეები.
 
“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ადგილზე ვითარების გაცნობა. ერთია ინფორმაცია რომელსაც შესაბამისი სამსახურებისგან ვიღებ და მეორე ადგილზე ნანახი მდგომარეობა. სიტუაცია არის ძალიან დამთრგუნველი. საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გრძელდება. ეს არის ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ქმედებები,რასაც ჩვენი მხრიდან მოჰყვა და ყოველთვის მოჰყვება მყისიერი რეაგირება.
 
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს აქვს ძალიან მყარი მხარდაჭერა და საოკუპაციო რეჟიმის ქმედებები დაგმობილია.
 
„მერწმუნეთ ყველაფერს ვაკეთებთ რაც კი რესურსი და საერთაშორისო მექანიზმი არსებობს. იოლი არ არის გაეროს უშიშროების საბჭოს დებატების მოწვევა და ჩვენ ესეც კი შევძელით. ძალიან მკაცრი და დამგმობი განცხადებები მოვისმინეთ ჩვენი პარტნიორების მხრიდან.“
 
დავით ზალკალიანის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო 24 საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით  საერთაშორისო პარტნიორები მუდმივად ინფორმირებულნი იყვნენ.
 
აღსანიშნავია, რომ  საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, 16 აგვისტოს, სოფელ გუგუტიანთკარში  რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებების ადგილზე გასაცნობად დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიასა და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ჩავიდნენ.