2016 წლის 19 დეკემბერს ჩატარებული საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის ერთობლივი განცხადება

19.12.2016 თბილისი - ​19 დეკემბერს, ქ. თბილისში გაიმართა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის  ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომლის მიზანი იყო თანამშრომლობის გაღრმავება საზოგადოებასთან ურთიერთობის, განათლების, ჯანდაცვის, ნდობის აღდგენისა და კულტურული და სპორტული გაცვლების სფეროებში. 

ორივე მხარემ დაადასტურა აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული მტკიცე ხალხთაშორისი ურთიერთობების მნიშვნელობა. მხარეები შეთანხმდნენ საქართველოს მთავრობაში სტრატეგიული კომუნიკაციების გაძლიერებისთვის ერთობლივი მუშაობის გაგრძელებასა და ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს არჩევანისგან მიღებული სარგებლის წარმოჩენაზე.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ურყევი მხარდაჭერა. აშშ-მა ასევე გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ნდობის აღდგენის პოლიტიკისადმი, აგრეთვე, საქართველოს ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის, ისევე, როგორც ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული საქართველოს რეგიონებისთვის სერვისებისა და მათზე წვდომის გაფართოების მიმართულებით მთავრობის საქმიანობისადმი. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ ხალხთაშორისი ჩართულობა ღირებული და მნიშვნელოვანი ფაქტორია ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და შერიგების პროცესის წინსვლისათვის.
მხარეები შეთანხმდნენ ხალხთაშორისი ჩართულობის მნიშვნელობაზე შერიგებისა და ურთიერთობების ჩამოყალიბების პროცესის პროგრესისათვის. 

სამუშაო ჯგუფი შეთანხმდა სტრატეგიული კომუნიკაციის სფეროში თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე, კერძოდ, შესაძლებლობების განვითარების, ერთობლივი პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების, აგრეთვე,  ტექნიკური და ექსპერტთა დახმარების უზრუნველყოფის გზით, სტრატეგიული პარტნიორობის პრიორიტეტების შესაბამისად.

ორივე დელეგაციამ დაადასტურა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, განსაკუთრებით, ძნელად მისადგომ ადგილებში მცხოვრებთათვის, ხარისხიან განათლებაზე წვდომის და ყველა დონის განათლების მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობა. ამ მიზნით, მხარეები შეთანხმდნენ მეწარმეობის სწავლების განვითარების მხარდაჭერის გაძლიერებასა და მიმდინარე ზოგადი და პროფესიული განათლების რეფორმების იმპლემენტაციაზე.

მხარეები შეთანხმდნენ პროგრამის „ისწავლე საქართველოში“ განვითარების მიზნით ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფაზე, რომელიც მიზნად ისახავს  საქართველოში უცხოელი სტუდენტების მოზიდვასა და ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. ამ მიზნით, მხარეები შეთანხმდნენ აშშ-ის აკრედიტაციის საბჭოების ექსპერტების ჩართულობით ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმის ინტერნაციონალიზაციის პროცესის მხარდაჭერაზე, დისტანციური სწავლების შესაძლებლობების კიდევ უფრო განვითარებასა და ფაკულტეტის დონეზე გაცვლებისა და დუალური, ორმაგი ან ერთობლივი პროგრამების განხორციელების მიზნით უნივერსიტეტთაშორისი კავშირების გაძლიერებაზე.

ხალხთაშორისი ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიზნით, მხარეები შეთანხმდნენ აშშ-ს სხვადასხვა საგრანტო პროგრამების მეშვეობით აშშ-ის მიერ დაფინანსებული სტუდენტური და პროფესიული გაცვლითი პროგრამების გაძლიერებასა (მათ შორის, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში) და აშშ-სა და საქართველოს უნივერსიტეტებს, პროფესიულ ინსტიტუტებსა და სამეცნიერო ფონდებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე. აშშ-ის სახელმწიფო მდივანის ჯონ კერისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ 2016 წლის ივლისში ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის მნიშვნელობის ხაზგასმით, მხარეები შეთანხმდნენ ფულბრაიტის სტუდენტებისთვის სტიპენდიების რაოდენობის გაზრდაზე. დამატებითი მხარდაჭერა იქნება უზრუნველყოფილი კონსორციუმის პროგრამებისა  და სამოქალაქო მომსახურების მაღალი დონის მენეჯმენტისთვის ტრეინინგების ჩატარებისთვის წახალისებისათვის.

ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოში შრომითი რესურსების განვითარებაში დახმარებას მეცნიერების, ტექნოლოგიის, საინჟინრო და მათემატიკის სფეროებში (STEM) სტრატეგიული ინვესტირების გზით. მხარეები ასევე შეთანხმდნენ ერთობლივი კვლევისა და აქტივობების წახალისების მიზნით სამეცნიერო ფონდებს, ინსტიტუტებს და კერძო სექტორს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის მხარდაჭერაზე.

მხარეები შეთანხმდნენ განათლებასა და ცოდნაზე დაფუძნებული მიდგომებისა და წამახალისებელი აქტივობების გზით ორივე ქვეყნის კინო-ინდუსტრიებს შორის ურთიერთობების გაძლიერებაზე. მხარეებმა ხაზი გაუსვეს კინო-ინდუსტრიის მნიშვნელობას ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებაში, განსაკუთრებით, საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ახალგაზრდების დასაქმებასა და მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორის განვითარებაში.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მუნიციპალურ დონეზე ახალგაზრდობასთან მუშაობის  განვითარება წარმოადგენს ადგილობრივად გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობის წახალისების მნიშვნელოვან ინსტრუმენტს. მხარეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს საქართველოში სპორტის კულტურის განვითარებაზე, რომელიც მოიცავს სპორტულ განათლებასა და სპორტის მენეჯმენტს.

აშშ-მ  მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს ჯანმრთელობის უსაფრთხოების გლობალურ დღის წესრიგში ადრეული და გრძელვადიანი ჩართულობისა და ჯანდაცვის საკითხებზე აშშ-თან ხანგრძლივი პარტნიორობისთვის.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე პეტრე კანკავა, აშშ-ის მხრიდან კი - სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბენ ზიფი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის თანაშემწე ტომას მელია.

სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისია წარმოადგენს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ფართო და გაღრმავებული თანამშრომლობის ორგანიზებისა და პრიორიტეტების დასახვის მთავარ მექანიზმს. სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პრიორიტეტული სფეროების შესაბამისად, კომისია მოიცავს ოთხ ორმხრივ სამუშაო ჯგუფს: დემოკრატია და მმართველობა; თავდაცვა და უსაფრთხოება; ეკონომიკა, ვაჭრობა და ენერგეტიკა; ხალხთაშორისი ურთიერთობები და კულტურული გაცვლები.