საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის ერთობლივი განცხადება

2016 წლის 20 ივლისს, ქ. ვაშინგტონში გაიმართა საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა. სამუშაო ჯგუფმა ყურადღება გაამახვილა ისტორიულ მოვლენებზე, რომლებიც წინ უძღოდა ამ ჯგუფის შეხვედრას, მათ შორის, 6 ივლისს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ მემორანდუმის ხელმოწერა, ასევე, 8-9 ივლისს, ქ. ვარშავაში გამართული ნატო-ს სამიტი, რომელიც მოიცავდა ნატო-საქართველოს კომისიის მნიშვნელოვან ერთობლივ განცხადებას წევრობისათვის მზადების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით.
 
მემორანდუმი კიდევ ერთხელ ადასტურებს და აფართოებს აშშ-სა და საქართველოს გრძელვადიან და ეფექტურ თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით ისეთ სფეროებში, როგორებიცაა თავდაცვითი შესაძლებლობების ზრდა, სამხედრო და უსაფრთხოების თანამშრომლობა და ინფორმაციის გაზიარება. მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისადმი მტკიცე და სტრატეგიული მიდგომა გაზრდის ორი ქვეყნის უსაფრთხოებას და პოზიტიურად იმოქმედებს რეგიონულ სტაბილურობასა და გლობალურ უსაფრთხოებაზე.
 
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის მისწრაფებების მხარდაჭერა, 2008 წელს ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე მიღწეული და ვარშავაში დადასტურებული შეთანხმების შესაბამისად. ორივე მხარემ დაადასტურა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სრული იმპლემენტაციის მზადყოფნა, რაც ეხმარება  ნატო-ს წევრობის კუთხით საქართველოს წინსვლას და მიესალმა ამ მიმართულებით ვარშავაში განხილულ დამატებით პრაქტიკულ თანამშრომლობას. მხარეებმა გამოხატეს შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის გაძლიერების მზადყოფნა და აღნიშნეს  საქართველოს, როგორც რეგიონში განსაკუთრებული პარტნიორის როლი.
 
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოხატა მადლიერება ავღანეთში ნატო-ს მისიაში საქართველოს მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის. ორივე მხარემ პატივი მიაგო დაღუპული და დაჭრილი ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცების, სამოქალაქო პირებისა და მათი ოჯახების მიერ გაღებულ მნიშვნელოვან მსხვერპლს.
 
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხაზი გაუსვა საქართველოს სუვერენიტეტისადმი, დამოუკიდებლობისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერას. ორივე მხარემ კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონებიდან, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოხატა ღრმა შეშფოთება ხურჩაში ქართველი სამოქალაქო პირის მკვლელობის გამო და კიდევ ერთხელ მოუწოდა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას საფუძვლიანი და დროული გამოძიებისკენ ამ ტრაგედიაში დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემის მიზნით. ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ეჭვმიტანილის დროული დაკავებისა და გასამართლების მნიშვნელობაზე. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა გალისა და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მნიშვნელობას უსაფრთხოების კუთხით ინციდენტებისა და რუსეთის ე.წ. „ბორდერიზაციის“ პოლიტიკის შედეგებთან გამკლავების საქმეში.
 
მხარეებმა განიხილეს აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სიღრმისეული და ყოვლისმომცველი პარტნიორობა და შეთანხმდნენ, რომ ორმხრივი თავდაცვითი თანამშრომლობა დაეხმარება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს  მზადყოფნის ამაღლებასა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში. ორივე მხარემ აიღო ვალდებულება თავდაცვითი მზადყოფნის, კონტრ-ტერორიზმის, სასაზღვრო და საზღვაო უსაფრთხოების, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში ინსტიტუციური რეფორმის, კიბერუსაფრთხოების, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის, სამართალდამცავი და კრიზისების მართვის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმ მიზნით, რათა მიღწეულ იქნას საქართველოს მდგრადობისა და თავდაცვითი შესაძლებლობების განმტკიცების საერთო მიზანი.
 
ორივე მხარე შეთანხმდა, რომ საქართველოს უსაფრთხოების მთავარ შემადგენელ ნაწილს ქვეყნის დემოკრატიული რეფორმების უწყვეტი განხორციელება წარმოადგენს. ორივე მხარემ აღნიშნა საქართველოს პროგრესი ამ მიმართულებით. აშშ-მ გამოხატა აღნიშნულ ძალისხმევაში საქართველოსადმი თავისი უწყვეტი მხარდაჭერა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აგრეთვე ხაზი გაუსვა აპოლიტიკური სამართალდამცავი და უშიშროების სტრუქტურების მნიშვნელობას ძლიერი დემოკრატიის და 2016 წლის ოქტომბერში თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი საპარლამენტო არჩევნების უზრუნველყოფისათვის. ორივე მხარემ აღნიშნა დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლის განმავლობაში საქართველოს მიერ რეფორმების მიმართულებით მიღწეული თვალსაჩინო პროგრესი და გამოხატა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ჩამოყალიბებული მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი.
 
სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე აშშ-ის მხარის დელეგაციას თანა-თავმჯდომარეობდნენ სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში უილიამ მონაჰანი და თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე მაიკლ კარპენტერი. შეხვედრას ასევე ესწრებოდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე საერთაშორისო ნარკოტიკებისა და სამართალდაცვით საკითხებში ჯეიმს ვოლში აშშ-ის მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად. ქართული მხრიდან წარმომადგენლობით სამთავრობო დელეგაციას ხელმძღვანელობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი შოთა ღვინერია. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა დამსწრე პირებს მიმართა გახსნითი სიტყვით და გააცნო უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი გამოწვევებზე სტრატეგიული ხედვა. შეხვედრაში მინისტრის მონაწილეობამ კიდევ ერთხელ თვალნათლივ მოახდინა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის დემონსტრირება.
 
სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისია წარმოადგენს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ფართო და გაღრმავებული თანამშრომლობის ორგანიზებისა და პრიორიტეტების დასახვის მთავარ მექანიზმს. სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პრიორიტეტული სფეროების შესაბამისად, კომისია მოიცავს ოთხ ორმხრივ სამუშაო ჯგუფს: დემოკრატია და მმართველობა; თავდაცვა და უსაფრთხოება; ეკონომიკა, ვაჭრობა და ენერგეტიკა; ხალხთაშორისი ურთიერთობები და კულტურული გაცვლები. დამატებითი ინფორმაციისათვის, იხილეთ: www.state.gov/p/eur/ci/gg/usgeorgiacommission/index.htm.