2017 წლის საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის ერთობლივი განცხადება

15.12.2017 - ​მიმდინარე წლის 15 დეკემბერს,  ვაშინგტონში, გაიმართა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის  ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომლის მიზანი იყო თანამშრომლობის გაღრმავება განათლების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ჯანდაცვის, სპორტისა და კულტურული გაცვლების  სფეროებში.

მხარეებმა დაადასტურეს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული მტკიცე ხალხთაშორისი ურთიერთობების მნიშვნელობა და შეთანხმდნენ საქართველოს მთავრობაში სტრატეგიული კომუნიკაციების გაძლიერებისთვის ერთობლივი მუშაობის გაგრძელებაზე  ევროპული არჩევნიდან გამომდინარე  მიღებული სარგებლის ეფექტიანად წარმოჩენის მიზნით.
 
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ურყევი მხარდაჭერა. სამუშაო ჯგუფის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების - როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებით  კონკრეტული პროგრესის მიღწევის ფორუმის - მიმართ მხარდაჭერა. აშშ-მა ასევე გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის ძალისხმევისადმი, გაზარდოს საქართველოს ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის რეგიონებში მცხოვრები პირების ჩართულობა და მომსახურებების მათზე განვრცობის შესაძლებლობა. დელეგაციებმა მხარი დაუჭირეს ნდობის აღდგენის ღონისძიებებს, რომლებიც მიზნად ისახავს დაძაბულობის შემცირებას, მშვიდობის დამყარებასა და   შერიგების მიმართულებით პროგრესის მიღწევას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ   ხალხთაშორისი ჩართულობა ღირებული და მნიშვნელოვანი ფაქტორია ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და შერიგების პროცესის წინსვლისათვის.
 
სამუშაო ჯგუფმა დაადასტურა სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობა ისეთ გამოწვევებთან მიმართებაში, როგორიცაა  დეზინფორმაცია და პროპაგანდა. ქართულმა მხარემ გამოხატა მადლიერება საქართველოში მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით, მათ შორის, იმ პროექტების მიმართ, რომელიც მიზნად ისახავს სტრატეგიული კომუნიკაციების გაუმჯობესებას ყველა სახელისუფლებლო სტრუქტურაში და ზრდის ამ მხრივ მედიის გათვითცნობიერებულობის ამაღლებას. მხარეებმა განიხილეს სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული აქტივობები, განსაკუთრებით მთავრობის ძალისხმევა ეთნიკურ უმცირესობებთან და სხვა მოწყვლად ჯგუფებთან კომუნიკაციის  კუთხით.  დელეგაციებმა დაადასტურეს მზადყოფნა გააგრძელონ თანამშრომლობა სტრატეგიული კომუნიკაციების გაუმჯობესების მიმართულებით და განიხილეს კონკრეტული იდეები. 
 
დელეგაციებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მნიშვნელობა განახორციელონ ყოვლისმომცველი რეფორმები განათლების სფეროში ყველა დონეზე. აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) გააგრძელებს პარტნიორობას საქართველოს მთავრობასთან, რათა შესაძლებელი გახდეს საქართველოს განათლების სისტემის ტრანსფორმაცია სტუდენტებზე  და  ხარისხიანი სწავლების მოდელზე  ორიენტირებულ სისტემაზე, რომელიც ფოკუსირებულია კრიტიკული აზროვნებისა და  პრობლემის გადაჭრის უნარების გამომუშავებაზე. მხარეებმა ასევე განიხილეს მეორადი განათლების დონეზე სამოქალაქო განათლების პროგრამების მხარდაჭერისა და ახალგაზრდებში სამეწარმეო უნარების განვითარების საჭიროებები. დელეგაციებმა ხაზი გაუსვეს პრიორიტეტიზაციას და საჯარო სკოლების ფუნქციონირებისა და შენახვის  სახელმწიფო  დაფინანსების გამოყოფის მნიშვნელობას. ამავდროულად, დისტანციური სწავლების მოდელის განვითარებას ხარისხიან განათლებაზე წვდომის გაზრდის მიზნით.
 
მხარეები ასევე შეთანხმდნენ  პროფესიული განათლების მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობაზე ახალი კერძო-საჯარო პარტნიორობის გრანტების, გაცვლითი პროგრამების და სხვა ინოვაციური მიდგომების  გამოყენების გზით. მათ ხაზი გაუსვეს საქართველოში პროფესიული განათლების ისეთი პროგრამების წარმატებას, როგორიცაა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ფონდის  (MCC) მიერ დაფინანსებული, 12 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის კერძო-საჯარო პარტნიორობის ფონდები.
 
უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით დელეგაციებმა გამოხატეს მზაობა,  სტიპენდიებისა და გაცვლითი პროგრამების გაფართოებით, ბაკალავრიატის შემდგომი განათლებისა და კვლევის შესაძლებლობების გაზრდით და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების გაძლიერების გზით, შეფასების პროცესებში აკრედიტაციის საერთაშორისო საბჭოებისა და ექსპერტების ჩართულობით, მხარი დაუჭირონ შეერთებული შტატებისა და საქართველოს უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობას. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ  გამოხატა მოწონება საქართველოს მთავრობისადმი, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს ხარისხის მიმნიჭებელ პროგრამებზე ჩარიცხულ ქართველ სტუდენტთა სასტიპენდიო მხარდაჭერის მიზნით შესაბამისი დაფინანსების ვალდებულების აღების გამო. ორივე მხარემ ხაზი გაუსვა  საქართველოს მთავრობის მიერ შეტანილ წვლილს, რომელიც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იმ მიზნების მდგრადობისათვის, რომელიც განხორციელდა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის 31 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიციის ფარგლებში, უმაღლეს განათლებაში მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით. ეს წვლილი მნიშვნელოვნად გაზრდის იმ ქართველი სტუდენტების რაოდენობას, რომლებიც მიიღებენ  შეერთებულ შტატებისა და საერთაშორისოდ აღიარებულ ხარისხებს.
 
დელეგაციებმა ხაზი გაუსვეს ხალხთაშორისი კონტაქტების გაგრძელების მნიშვნელობას, განსაკუთრებით მშვიდობის კორპუსის და სხვა ორმხრივი გაცვლითი პროგრამების საშუალებით, როგორიცაა მომავალი ლიდერების გაცვლითი პროგრამა (FLEX), ფულბრაიტი, სპორტისა და ხელოვნების ბანაკები და პროფესიული გაცვლითი პროგრამები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ასეთი ინიციატივები  გააძლიერებენ ორმხრივ ურთიერთობას და ექნებათ უდიდესი გავლენა. შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა მისი უწყვეტი მხარდაჭერა ორმხრივი გაცვლითი პროგრამებისადმი. 2018 წელს, მშვიდობის კორპუსი განაახლებს შეთანხმებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ინგლისური ენის ტრენინგების უზრუნველყოფისა და სხვა პრიორიტეტში ჩართულობისათვის, რომელიც მიმართულია განათლების წახალისებისა და ახალგაზრდობის განვითარებისაკენ.
 
მხარეებმა ასევე განიხილეს განათლებისა და მეცნიერების სფეროში ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობები და შეთანხმდნენ, რომ გააგრძელონ სამეცნიერო თანამშრომლობის წახალისება, ფონდებს, ინსტიტუტებს შორის და კერძო სექტორთან, ერთობლივი კვლევისა და აქტივობების ხელის შეწყობის მიზნით.
 
აშშ მიესალმა საქართველოს ჯანდაცვის სერვისებისა და ჯანდაცვის სექტორის რეფორმების მიღწევებს. აშშ-მ ასევე კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს აქტიური ჩართულობის გამო ,,გლობალური ჯანდაცვის უსაფრთხოების დღის წესრიგის“ ინიციატივაში და მადლიერება გამოხატა ჯანდაცვის უსაფრთხოების კუთხით მრავალწლიან პარტნიორობასთან დაკავშირებით. მხარეებმა მიმოიხილეს C ჰეპატიტის  ელიმინაციის საქმეში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და განიხილეს აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრთან მიმდინარე თანამშრომლობა მკურნალობის დონის ამაღლებისა და ინფექციების  შემცირების მიზნით. 
 
მხარეები შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ განვითარების ისეთ პროგრამებს, რომლებიც მიმართულია ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდობის ჩართულობის ხელშეწყობისაკენ და განიხილეს ერთობლივი ახალგაზრდული პროგრამების იმპლემენტაციის საკითხებზე ქართულ და ამერიკულ ახალგაზრდულ საქმეთა ორგანიზაციებთან პარტნიორობა.  
 
მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანია მეტი და დამატებითი საშუალებების იდენტიფიკაცია ახალგაზრდებზე მორგებული პროგრამების მხარდასაჭერად. ქართულმა და ამერიკულმა მხარეებმა ხელი უნდა უწყონ განათლებულ, ჯანსაღ, კრეატიულ, დასაქმებულ და საზოგადოებრვ საქმეებში ჩართულ  ახალგაზრდა თაობას, რომელიც წაუძღვება ეკონომიკურ ზრდას, დემოკრატიულ ღირებულებებს და კეთილდღეობას.    
 
შეხვედრას საქართველოს მხრიდან თანა-თავმჯდომარეობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია. აშშ-ს მხრიდან კი სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოქმედი მოადგილე შერონ ჰადსონ-დინი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოქმედი თანაშემწე მარგო ელისი. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ორი ქვეყნის დარგობრივი უწყებების წარმომადგენლები.
 
სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისია წარმოადგენს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ფართო და გაღრმავებული თანამშრომლობის ორგანიზებისა და პრიორიტეტიზების უმთავრეს მექანიზმს. სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პრიორიტეტული სფეროების შესაბამისად, კომისია მოიცავს ოთხ ორმხრივ სამუშაო ჯგუფს დემოკრატიისა და მმართველობის; თავდაცვისა და უსაფრთხოების; ეკონომიკის, ვაჭრობის და ენერგეტიკის; ასევე, ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების მიმართულებებით.