2019 წლის 13 ნოემბერს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა გენერალური მდივნის მე-20 კონსოლიდირებული ანგარიში «კონფლიქტი საქართველოში» განიხილა.

2019 წლის 13 ნოემბერს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა გენერალური მდივნის მე-20 კონსოლიდირებული ანგარიში «კონფლიქტი საქართველოში» განიხილა. აღნიშნული ანგარიში მოიცავს 2019 წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდს და აღწერს საანგარიშო პერიოდში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას.
 
ანგარიში მიმოიხილავს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შექმნილ ვითარებას და იმ მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებს, რასაც ოკუპირებულ რეგიონებში საოკუპაციო რეჟიმების მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებები იწვევს. მოცემულია ინფორმაცია სოფლებში, ჩორჩანასა და გუგუტიანთკარში განვითარებული მოვლენების შესახებ. ასევე, ანგარიში ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვა კიდევ უფრო ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობას. აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს საგანგაშო ვითარებად აფასებენ.
 
ანგარიშში მოცემულია ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვის შესახებ. ამასთანავე, ხაზგასმულია ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ეთნიკური ქართველებისთვის უცხოელებად დარეგისტრირების იძულება. აღნიშნულია, რომ უკანონო დაკავებების პრაქტიკა ამძიმებს ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მდგომარეობას.
 
ანგარიშში ასევე საუბარია ნდობის აღდგენის პროექტებზე. აღნიშნული პროექტები ევროპის საბჭოს ჩართულობით ხორციელდება და მიზნად ისახავს მონაწილეებს შორის ნდობის და დიალოგს.
 
გენერალური მდივნის ანგარიში ეხება საანგარიშო პერიოდში გამართული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების რაუნდებს. ხაზს უსვამს, რომ მოლაპარაკებების დროს განხილულ იქნა ოკუპირებულ რეგიონებში ე.წ გადასასვლელი პუნქტების დახურვის, გადაადგილების თავისუფლების, განათლების უფლებისა და ჯანმრთელობის უფლების შეზღუდვის, ოკუპირებული გალის რეგიონში არსებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის ხელყოფის და სხვა საკითხები. ანგარიში აღნიშნავს, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები აქცენტს აკეთებენ უკანონოდ დაწესებული შეზღუდვების დაუყოვნებლივ გაუქმების აუცილებლობაზე, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ამასთანავე, ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების აღდგენის აუცილებლობაზე.

გენერალური მდივნის მე-20 კონსოლიდირებული ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“