2020 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური რესურსი ევროპული და ევრო-ატლანტიკური მიზნების რეალიზაციაზე, ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობასა და საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებზე იქნება მიმართული

30.09.2019 ქ. თბილისი- 2020 წელს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი მოხმარდება ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესრულებას, რაც გულისხმობს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებას,  ევროპული და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას,   ასევე, მომავალ  წელს საქართველო,  ქვეყნის ისტორიაში პირველად,  ხდება საერთაშორისო ორგანიზაციის - ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა და თავმჯდომარეობის ღირსეულად შესრულებაზე მიმართული იქნება სამინისტროს რესურსი - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, მთავრობის სხდომაზე, 2020 წლის ბიუჯეტის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
 


 
მინისტრის თქმით, მომავალი წელი მნიშვნელოვანი წელია ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, კერძოდ დაგეგმილია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, ასევე ევროკავშირთან მაღალი დონის ფორმატებში შეხვედრებისა და ვიზიტების განხორციელება, რისთვისაც მიმართული იქნება სამინისტროს მათ შორის ფინანსური რესურსი. 
 
„ჩვენ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის ვემზადებით, რომელიც 2020 წელს უნდა გაიმართოს. სწორედ ამ მოსამზადებელ სამუშაოებზე იქნება მიმართული ჩვენი ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი. ასევე, ევროკავშირში საქართველოსთვის შემუშავებულია განსაკუთრებული ფორმატები, რომელიც გასულ წელს ჩატარდა, ეს გახლავთ უმაღლესი დონის დიალოგი, ასევე უსაფრთხოების დიალოგი. ასევე ევროკავშირის მიმართულებით  მნიშვნელოვანი ვიზიტებია განსახორციელებელი, რადგან მოგეხსენებათ  ევროკავშირში არის კომისიის ახალი შემადგენლობა და  მათთან ეფექტური მუშაობა წლის განმავლობაში ასევე პრიორიტეტულია“- განაცხადა ზალკალიანმა.
 
მისი თმით მიმდინარე წელი უპრეცენდენტო იყო ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით განხორციელებული აქტივობებით და მომავალი წელი ასევე დატვირთული იქნება,  მათ შორის საქართველოს მონაწილეობით ნატო-ს მინისტერიალებში და ნატო-საქართველოს კომისიის ორგანიზების მიმართულებით. დავით ზალკალიანის განცხადებით  მნიშვნელოვანი იქნება  სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის განმტკიცებისკენ მიმართული ძალისხმევა.
 
2020 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართული იქნება საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობაზე. მათ შორის თბილისი უმასპინძლებს ევროპის საბჭოს მინისტერიალს.  მინისტრმა ამ მხრივ დაგეგმილ მნიშვნელოვანი ღონისძიებები დააანონსა და აღნიშნა, რომ  ეს  ღონისძიებები გამოყენებული იქნება ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები მაქსიმალურად წარმოჩენისთვის.
„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელსაც ჩვენ საგარეო პოლიტიკური კუთხით ველით 2020 წელს, გახლავთ ის, რომ პირველად ქვეყნის ისტორიაში საქართველო ხდება ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. გათვალისწინებულია როგორც საპარლამენტო განზომილებით, ისე აღმასრულებელი კუთხით მნიშვნელოვანი ღონისძიებების ჩატარება. საქართველომ უნდა უმასპინძლოს ევროპის საბჭოს მინისტერიალს, ასევე სხვა უამრავი ღონისძიებაა გათვალისწინებული და ჩვენ მნიშვნელოვან საქმიანობას სწორედ ამ მიმართულებით განვახორციელებთ“-განაცხადა მინისტრმა.
 
დავით ზალკალიანის თმით 2020 წელი დიასპორასთან ურთიერთობის მხრივაც უმნიშვნელოვანესი იქნება. „გაგრძელდება ყველა დიასპორული პროექტის დაფინანსება და ასევე, ლევილის მამული რეაბილიტაცია, რომელიც ჩვენი მნიშვნელოვანი ამოცანაა. ჩვენი ამბიციაა, რომ უახლოესი 2- 3 წლის განმავლობაში ლევილის მამულის რეაბილიტაცია დასრულდეს, რათა იგი იქცეს ჩვენი თანამემამულეების და ასევე საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის საქართველოს წარმოჩენის საუკეთესო ადგილად და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებითაც 2020 წელი პრიორიტეტული იქნება“-განაცხადა მინისტრმა
 
დავით ზალკალიანმა ასევე დააანონსა საქართველოს წარმომადგენლობების არეალის გაზრდა ევროპისა და აფრიკის კონტინენტებზე.  „რამდენიმე ახალი მისიის გახსნა იგეგმება, ესენია გენერალური საკონსულოები ქ. ბარსა  და ქ. მიუნხენში, რისი საჭიროებაც დგას ამ ქალაქებში საქართველოს მოქალაქეების მაღალი კონცენტრაციით “- აღნიშნა მინისტრმა.
 
ამასთან, დავით ზალკალიანის თქმით, 2020 წელს ასევე გაგრძელდება მზადება გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე საიუბილეო შეხვედრისთვის, რომლს ფარგლებშიც მაქსიმალურად მოხდება საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია.