26 მაისის საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში ფოთში საპატიო მოქალაქესა და წარჩინებულ მოსწავლეებს გამოავლენენ და მსოფლიოში ცნობილ ქართველებს გაეცნობიან

2019 წლის 26 მაისს, ქ. ფოთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საზეიმოდ აღნიშნავენ. ქალაქში დაგეგმილ ღონისძიებებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დაესწრება.
 
ფოთის მთავარ მოედანზე დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაიმართება კონცერტი ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით;   მოეწყობა სამხედრო ტექნიკის, ხალხური რეწვის ნიმუშების, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა; გაიმართება სპორტული შეჯიბრები; მოეწყობა საბავშვო გასართობი და შემეცნებითი კუთხეები. 

26 მაისს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში ფოთის მთავარ მოედანზე  გაიმართება მოსწავლეების დაჯილდოების და ფოთის საპატიო მოქალაქეების არჩევის ცერემონია. პროექტის „გააზიარე ცოდნა“ ფარგლებში გამოიფინება საინფორმაციო სტენდები, რომელიც, ერთი მხრივ, დაეთმობა წარსულის საინტერესო ცნობებს მნიშვნელოვან მოვლენებსა და გამოჩენილი ადამიანების შესახებ და მეორე მხრივ, მნახველს გააცნობს წარმატებულ ადამიანებს, რომლებიც დღეს თავისი ცოდნითა და შრომით ქმნიან მომავალს. ამ კუთხით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქართული დიასპორის თემას; დამთვალიერებლები გაეცნობიან საზღვარგარეთ მოღვაწე წარმატებულ თანამემამულეებს და  მათ საქმიანობას.  სპეციალურად აგებულ თეატრალურ პავილიონში შედგება სხვადასხვა თემატური ეტიუდების ჩვენება. ღონისძიებებში ჩართული იქნება ადგილობრივი საბალეტო დასი.  

სადღესასწაულო ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს 17.10 საათზე, ფოთში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, შესრულდება საქართველოს ეროვნული ჰიმნი, რომლის შემდგომ  გაეშვება საზეიმო ფოიერვერკი. 

საზეიმო ღონისძიებები ფოთში, ქალაქის მთავარ მოედანზე  მთელი დღის განმალობაში გაგრძელდება.