3-4 დეკემბერს ბელგრადში ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება

2015 წლის 3-4 დეკემბერს ქ. ბელგრადში გაიმართება ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 22-ე შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაცია, ვიცე-პრემიერის და საგარეო საქმეთა მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით.

საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი მინისტრთა საბჭოს პლენალურ სხდომაზე გააკეთებს განცხადებას უსაფრთხოების გამოწვევებზე ეუთო-ს სივრცეში და ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე.

ღონისძიების ფარგლებში ასევე, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ეუთო-ს გენერალურ მდივანთან ლამბერტო ზანიერთან; ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორთან მაიკლ გეორგ ლინკთან; ეუთო-ს უმაღლეს კომისართან ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ასტრიდ თორსთან; ეუთო-ს წარმომადგენელთან მედიის თავისუფლების საკითხებში დუნია მიატოვიჩთან და რიგი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს ფარგლებში ასევე გაიმართება სუამ-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა.