დღეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმება სრულად შევიდა ძალაში

დღეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმება სრულად შევიდა ძალაში. ასოცირების  შეთანხმება მიზნად ისახავს ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნის გზით. საბაჟო ტარიფებისა და ქვოტების გაუქმებისა და ევროკავშირის სტანდარტებთან სავაჭრო კანონებისა და რეგულაციების დაახლოების გზით, შეთანხმება საქართველოს სთავაზობს ჩარჩოს ვაჭრობისა და ეკონომიკური ზრდისთვის. ეს ხელს შეუწყობს ევროკავშირის ერთიან ბაზარზე საქართველოს თანმიმდევრულ ინტეგრაციას.
 
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი  ფედერიკა მოგერინი: “საქართველოსთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების სრულად ძალაში შესვლით, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობა უფრო ფართოვდება და ღრმავდება, რაც ყველა ჩვენგანს მოუტანს სარგებელს. ევროკავშირი მოუთმენლად ელის თანამშრომლობის გაძლიერებას ქვეყანასთან, სადაც გრძელდება გადამწყვეტ რეფორმებზე მუშაობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა კანონის უზენაესობა, სახელმწიფო სამსახურში გადაწყვეტილების მიმღებ პირთა ანგარიშვალდებულების წესები და ტრანსპარენტულობა“.
 
ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი: “ასოცირებისშეთანხმების ფარგლებში ევროკავშირთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარების შედეგად, საქართველოს მოქალაქეები სულ უფრო მეტი სარგებლის მიღებას შესძლებენ. საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის უკეთესი ბიზნეს შესაძლებლობების შეთავაზება, სოფლის მეურნეობის ადგილობრივი პროდუქციის უვნებლობის  გაუმჯობესება და ენერგოეფექტიანობის ზრდა – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ სფეროებისა, სადაც  შეთანხმების დროებითი გამოყენების პერიოდში უკვე გამოიკვეთა საიმედო ნიშნები, და მომავალში ეს პროგრესი შეიძლება კიდევ უფრო გაღრმავდეს. ნება მიბოძეთ, მოვუწოდო საქართველოს, სრულად გამოიყენოს სოლიდური დახმარება – დაახლოებით 100 მილიონი ევრო ყოველწლიურად – რომელსაც ევროკავშირი გამოყოფს ქვეყნის რეფორმების დღის წესრიგის მხარდასაჭერად”.
 
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით საქართველომ აიღო ვალდებულებები ისეთ სფეროებში, როგორიცაა დემოკრატია და კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები, კარგი მმართველობა, საბაზრო ეკონომიკა და მდგრადი განვითარება. ამასთან, შეთანხმება საქართველოს აკისრებს ამბიციური რეფორმების განხორცილებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა უსაფრთხოების პოლიტიკა, ვაჭრობა, ეკონომიკის გაჯანსაღება და ზრდა და, ასევე, მმართველობა. ასოცირების შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას ბევრ ისეთ სფეროში, როგორიცაა, მაგალითად, გარემოს დაცვა, სოციალური განვითარება და დაცვა, ტრანსპორტი, მომხმარებელთა დაცვა, განათლება, ახალგაზრდობა და კულტურა, მრეწველობა და ენერგეტიკა.
 
ასოცირების შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილი 2014 წლის 1 სექტემბრიდან დროებით ამოქმედდა. ამ პერიოდში, ჩვენ მნიშვნელოვან და კონკრეტულ შედეგებს მივაღწიეთ. ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტი 2015 წელს 16%-ით გაიზარდა, ხოლო უშუალოდ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შედეგად, ევროკავშირში ახალი ქართული პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება. ქართული კივი, მოცვი, თხილი, ნიორი და ღვინო უკვე გადის ევროკავშირის ბაზარზე. ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა ევროკავშირის ბაზარზე სპილენძისა და მინერალური ზეთის ექსპორტი. ამასთანავე, საქართველომ ევროპული სტანდარტები დაამკვიდრა ისეთ სფეროებში, როგორიცაა   ჯანდაცვა, უსაფრთხოება და გარემოს დაცვა. ამჟამად შემუშავების ეტაპზეა „ასოცირების დღის წესრიგი“ 2017-2020 წლებისთვის, რომელიც განსაზღრავს რეფორმების მოკლე და საშუალოვადიან პრიორიტეტულ მიმართულებებს.