აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ გააკეთეს განცხადებები რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის დაგეგმილი ე.წ. ''ხელშეკრულების'' ხელმოწერის შესახებ

შეერთებული შტატების პოზიცია სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთთან დაკავშირებით უცვლელია: ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
შეერთებული შტატები არ აღიარებს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონ სამხრეთ ოსეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის გასაფორმებელი ეგრეთ წოდებული ხელშეკრულების კანონიერებას. არც ეს და არც 2014 წლის ნოემბერში, რუსეთსა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელმძღვანელობას შორის გაფორმებული ხელშეკრულება, არ არის იურიდიული ძალის მქონე საერთაშორისო შეთანხმება.

რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, უარი თქვას საქართველოს რეგიონების, სამხრეთი ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე და ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარება შეუშვას.

მხარს ვუჭერთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს, როგორც უსაფრთხოებისა და იმ კონკრეტული ჰუმანიტარული საკითხების გადაწყვეტის საშუალებას, რომელიც გავლენას ახდენს რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების ცხოვრებაზე. ამ თვალსაზრისით, შეშფოთებულნი ვართ, რომ ეგრეთ წოდებული შეთანხმების ხელმოწერა, შესაძლოა, დაემთხვეს საქართველოს კონფლიქტების შესახებ ჟენევის დისკუსიების ახალ რაუნდს. შეერთებული შტატები მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა პროგრესის მისაღწევად ამ და მომავალ რაუნდებში.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის დაგეგმილი ე.წ. ''ხელშეკრულების'' ხელმოწერის შესახებ


ევროკომისარი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ფედერიკა მოგერინი რუსეთსა და ცხინვალს შორის თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ე.წ. შეთანხმების ხელმოწერის გეგმებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"18 მარტს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონს - სამხრეთ ოსეთს შორის თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ე.წ შეთანხმების გაფორმება რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერების წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება. ამას გარდა, დოკუმენტის ხელმოწერა ჟენევის 31-ე რაუნდის დღეს ქმნის ისეთ პირობებს, რომელიც უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ვითარების გაუმჯობესებისთვის კონსტრუქციულ გარემოს არ ქმნის", - წერია ფედერიკა მოგერინის განცხადებაში.

მისივე თქმით, რუსეთის მიერ როგორც სამხრეთ ოსეთთან, ასევე აფხაზეთთან გაფორმებული შეთანხმებები არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობას და იმ ვალდებულებებს, რაც რუსეთმა საერთაშორისო დონეზე აიღო, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს და 2008 წლის 8 სექტემბრის შეთანხმებებს.

"ევროკავშირი კვლავ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის მონაწილეებს გააგრძელონ პროგრესისთვის მუშაობა, რომელიც ხელს შეუწყობს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას", - წერია ევროკომისრის განცხადებაში.

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის განცხადება რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის დაგეგმილი ე.წ. ''ხელშეკრულების'' ხელმოწერის შესახებ