USAID-ის ხელმძღვანელმა აშშ-ს კონგრესში საქართველო წარმატებული განვითარების მაგალითად მოიყვანა

21.03.2018 აშშ - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, 2019 წლის აშშ-ის ბიუჯეტის პროექტის განხილვის ფარგლებში,  გაიმართა მოსმენა აშშ-ის საგარეო დახმარების ფინანსურ ნაწილზე.

მოსმენაზე მომხსენებლად მიწვეული იყო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელი, მარკ გრინი. განხილვაზე კონგრესმენებმა ყურადღება გაამახვილეს აშშ-ის მხრიდან საერთაშორისო დახმარების გაძლიერების მნიშვნელობაზე.

მოხსენების ფარგლებში პრიორიტეტთა შორის ხაზი გაესვა საზღვარგარეთ დემოკრატიული მმართველობის გაძლიერების მიმართ USAID-ის ცალსახა ერთგულებას. მარკ გრინის განმარტებით, 2019 ფისკალური წლის ბიუჯეტის პროექტი ევროპასა და ევრაზიაში მიზნობრივი ინვესტიციების განხორციელებას ითვალისწინებს, რაც რეგიონში ძლიერი, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
 
აშშ-ის საერთაშორისო სააგენტოს მხრიდან დახმარების განხორციელების წარმატებულ მაგალითად მარკ გრინმა საქართველო დაასახელა. მან ხაზი გაუსვა საქართველოში შიდა რესურსების მობილიზების საქმეში აშშ-ის ხელშეწყობით მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებს. მოხსენებაში აღინიშნა, რომ 5 წლის მანძილზე საქართველოსთვის გამოყოფილი 12 მილიონიანი დახმარების ფარგლებში 2005 წლიდან 2011 წლის ჩათვლით საგადასახადო შემოსავლების სახით ქვეყანამ დამატებით 4 მლრდ. აშშ დოლარი მიიღო, ხოლო 2017 წლისთვის შემოსავლები 800 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნული ძალისხმევის ფარგლებში, დაჩქარდა საქართველოს საბაჟო პროცედურების გაუმჯობესების პროცესი და გამარტივდა ახალი კომპანიების დარეგისტრირება. აღინიშნა, რომ განვითარების სააგენტომ ხელი შეუწყო ელექტრონული საგადასახადო სისტემისა და საგადასახადო თანხების დაბრუნების პროცესის  გაუმჯობესებას. ასევე, გაიზარდა საქართველოს ინვესტირება საკუთარი ქვეყნის განვითარებაში. სააგენტოს მხრიდან მხარდაჭერამ ასევე ხელი შეუწყო  კორუფციის შემცირების მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების განხორციელებას. 
 
მისივე ინფორმაციით განვითარების სააგენტოს შიდა რესურსების მობილიზების (DRM) პროგრამის მეშვეობით ხელი შეეწყო ქვეყნის მხრიდან დამოუკიდებელი ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობის პროცესს.  საქართველოში პენსიისა და სოციალური კეთილდღეობის ხარჯები 700 პროცენტით ხოლო,  განათლების სფეროში ინვესტიციები - 1,700 პროცენტით  გაიზარდა. საქართველოს მთავრობამ მოსავლის დაზღვევის პროგრამა  შემოიღო. 
 
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს განხილვაზე, USAID-ის ხელმძღვანელის გარდა,  საქართველოს წარმატებულ განვითარებაზე ყურადღება გაამახვილეს კონგრესმენებმა და კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირეს საკუთარი მხარდაჭერა.
 
კონგრესემენი პოს (რ-ტეხასი) განმარტებით, იგი მცირე ხნის წინ შეხვდა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პარლამენტის სპიკერებს. „სამივე ამ ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის ჯარების მიერ. მათ ბევრი რამ აქვთ საერთო.  მე ვფიქრობ, რომ შეერთებულმა შტატების მხრიდან აღნიშნული სამი ქვეყნისადმი მხარდაჭერის დაფიქსირება არა მხოლოდ ჰუმანიტარული, არამედ პოლიტიკური ხასიათის საკითხია“.
 
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის თანათავმჯდომარემ, კონგრესმენმა გრეგორი მიკსმა ყურადღება გაამახვილა და მიესალმა აშშ-ს დახმარებას ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მიმავალი ქვეყნებისადმი.  “მივესალმები იმ არსებით ყურადღებას, რასაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)  იჩენს ევროკავშირში ინტეგრაციისკენ მიმავალი ქვეყნების მიმართ.  ამ შემთხვევაში ვგულისხმობ საქართველოს და უკრაინას. ამ ქვეყნების მომავალი განპირობებულია ევროკავშირისკენ მიმავალი გზით.  მჯერა, იმ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების, რომლებზედაც ჩვენ ვმუშაობთ. მჯერა, რომ ეს სწორი პოლიტიკაა ევროპელი მოკავშირეებისა და ნატოსათვის, ასევე ევროკავშირისათვის.  ეს, ასევე,  რუსეთის მიმართ ჩვენი სწორი პოლიტიკაა. დღესდღეობით ევროკავშირი მსოფლიოში დახმარების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დონორია აშშ-სთან ერთად. მაინტერესებს რამდენად შესაძლებელია USAID-ისა და ევროკავშირის ძალისხმევის კოორდინირება დახმარების სფეროში, რათა მოხდეს ძალების მაქსიმალურად გამოყენება იმ რეგიონებისათვის, რომლებსაც ყველაზე მეტად ესაჭიროება დახმარება“- განაცხადა კონგრესმენმა მიკსმა.
 
ევროპასთან და ევრაზიასთან დაკავშირებით მარკ გრინმა აღნიშნა, რომ აშშ-ისთვის კრემლის გავლენებთან გამკლავება უკიდურესად მნიშვნელოვანია, ამისთვის საუკეთესო გზა კი, რუსეთის ირგვლივ არსებულ სივრცეში წარმატებული მაგალითების ხელშეწყობაა/უზრუნველყოფაა. „კარგი მმართველობის, კორუფციასთან ბრძოლის, ეკონომიკური ზრდისა, ენერგო დივერსიფიცირების USAID-ის მხრიდან ხელშეწყობა, ამ თვალსაზრისით, ძალზე მნიშვნელოვანია“- განაცხადა გრინმა.
 
აშშ-ის საერთაშორისო დახმარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ყურადღება, ასევე გაამახვილა, კრემლის გავლენის, კერძოდ, პროპაგანდის წინააღმდეგ რუსეთის ირგვლივ არსებული რეგიონის ქვეყნებში „ჟურნალისტიკის შესაძლებლობების გაზრდაზე მუშაობა და იმ გზების მოძიება, რომელიც წინ აღუდგება დეზინფორმაციას, რაც კრემლის მიერ მიმდინარე პროპაგანდისტული ძალისხმევის ნაწილია“.