„ადამიანის უფლებათა დაცვა ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგის უმთავრესი საკითხია“ - დავით ზალკალიანი

25.02.2019, ჟენევა - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მე-40 სესიის მაღალი დონის სეგმენტზე სიტყვით გამოვიდა.

თავის გამოსვლაში მინისტრმა ხაზი გაუსვა ამ ინსტიტუტის მნიშვნელობას და მის როლს ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში, განსაკუთრებით  იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანი ძალისხმევის მიუხედავად,  „კონფლიქტები და არასტაბილურობა, უთანასწორობა, დისკრიმინაცია და ადამიანის უფლებათა სხვა დარღვევები  მთელ მსოფლიოში კვლავაც უდიდეს გამოწვევად რჩება“.

მინისტრმა საბჭოს  საქართველოში ადამიანთა უფლებების კუთხით მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი გააცნო. მან ვრცლად ისაუბრა ბოლო წლებში განხორციელებულ რეფორმებსა და ახალ ინიციატივებზე და ხაზგასმით აღნიშნა ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობა. „ადამიანის უფლებათა დაცვა ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგის უმთავრესი საკითხია. ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები სასამართლო სისტემის თავისუფლების, სამართალდამცავი ორგანოების  ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობისა და პენიტენციურ სისტემაში ყოვლისმომცველი ცვლილებების უზრუნველყოფისკენ იყო მიმართული“ - განაცხადა ზალკალიანმა.  ამ კუთხით, მინისტრმა საქართველოს, როგორც რეფორმისტული ქვეყნის მიერ პენიტენციურ სისტემაში გატარებულ შთამბეჭდავ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება, რამაც ინიციატივის „Good Human Rights Stories” ფარგლებში საქართველო ბევრი ქვეყნისთვის მისაბაძ მაგალითად აქცია.

დავით ზალკალიანმა ადამიანის უფლებათა საბჭოს მადლობა გადაუხადა საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული მთელი რიგი თემატური რეზოლუციებისთვის, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია რეზოლუცია „საქართველოსთან  თანამშრომლობის შესახებ“, სადაც ადამიანის უფლებათა საბჭო  სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანის უფლებათა რეგიონულ და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს არ ეძლევათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის საშუალება.
 
საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, „ადგილზე არსებული ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. უკანონო დაკავებები და გატაცებები, ეთნიკურად მოტივირებული ადამიანის უფლებათა დარღვევები,  სიცოცხლის უფლების ხელყოფა, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა, თავისუფალი გადაადგილების, საცხოვრებელი ადგილის არჩევისა და ქონებრივი უფლებების შეზღუდვა და,  საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონოდ აღმართული მავთულხლართები და სხვა ხელოვნური დაბრკოლებები მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეზე ჯერ კიდევ არ აღსრულებულა მართლმსაჯულება“.  მინისტრის თქმით, ამ ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს წევრ სახელმწიფოთა მხარდაჭერა, რასაც შეუძლია წერტილი დაუსვას ადამიანის უფლებათა შემდგომ დარღვევებს და აღმოფხვრას დაუსჯელობის განცდა აღნიშნულ რეგიონებში.

მინისტრის თქმით, საქართველო მტკიცედ მიყვება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობის, ნდობის აღდგენისა და შერიგების გზას და მზადაა გაუზიაროს მათ ყველა ის სარგებელი, რაც საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ პოლიტიკასა და რეფორმებს, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივას -„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მოაქვს.
 
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წინაშე გამოსვლისას. დავით ზალკალიანმა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ იმ გამოწვევებზეც ისაუბრა, რომელთა წინაშეც დღეს მთელი მსოფლიო დგას. მან დაგმო სირიის 8 წლიანი ქაოსი, რომელმაც 400 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მადუროს ავტორიტარული რეჟიმის მიერ ვენესუელელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესია. მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოიყენა თავისი ტრიბუნა და რუსეთს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გასვლისკენ, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობას, განსაკუთრებით, გაეროს ადამიანთა უფლებების საბჭოს გადამწყვეტი ქმედებების მიღებისაკენ მოუწოდა.
 
2019 წლის 25-26 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი  ქ. ჟენევას ეწვია, სადაც მან მონაწილეობა მიიღო და სიტყვით გამოვიდა ადამიანის უფლებათა საბჭოს მე-40 სესიის მაღალი დონის სეგმენტზე.
 
ქ. ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დავით ზალკალიანის შეხვედრები გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან; გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისართან; გაეროს ჟენევის ოფისის ხელმძღვანელთან; ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან; ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან; ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან და ასევე მაღალი დონის სეგმენტში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.