„აღმოსავლეთ პარტნიორობა“ უაღრესად წარმატებული პროექტია და ის ევროკავშირის დღის წესრიგში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ საკითხად დარჩება - მარგოტ ვალსტრომი

11.07.2019 ქ. ბათუმი - ​ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის პირველი თემატური სესია დაეთმო თემას - „პარტნიორობის 10 წელი - პირველი ნაბიჯები ევროპულ გზაზე“. პანელს მოდერაცია გაუწია ცნობილმა ჟურნალისტმა ნიკ გოუინგმა, რომელმაც გასული 10 წლის შეფასება პირველ რიგში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატორი ქვეყნების - შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს სთხოვა.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგოტ ვალსტრომმა მიმოიხილა ამ პროექტის შექმნის საწყისი ეტაპი და იმ დროს ევროკავშირის ხედვები სამეზობლო პარტნიორობის გაფართოებასთან დაკავშირებით. მისი აზრით, „აღმოსავლეთ პარტნიორობამ“ გაამართლა მოლოდინები და უაღრესად წარმატებული პროექტი გახდა. მინისტრის თქმით, ის ევროკავშირის დღის წესრიგში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ საკითხად დარჩება.

მოდერატორის კითხვაზე ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ სანქციებთან დაკავშირებით მარტოგ ვალსტრომმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მხრიდან საჭიროა მუშაობა იმ პოლიტიკისა და სანქციების გაგრძელებისთვის, რაც დაწესდა რუსეთისა და მისი ქმედებების მიმართ უკრაინასა და სხვა ქვეყნებში. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრ ქვეყნებში არსებობს ოკუპაცია და მისგან გამოწვეული კრიზისი, ევროკავშირის მხრიდან აუცილებელია იყოს ამაზე სათანადო რეაქცია.

ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის პირველი სესიის ფარგლებში მომხსენებლებმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ გასული 10 წელი შეაფასეს ევროკავშირის პერსპექტივიდან.