“აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოსა და შვედეთის სამოყვარულო გუნდების საფეხბურთო მატჩი გაიმართა

31.05.2019 - მიხეილ მესხის სახელობის მცირე სტადიონზე,  “აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავთან დაკავშირებით და შვედურ-ქართული მეგობრობის აღსანიშნავად, საქართველოსა და შვედეთის სამოყვარულო გუნდებს შორის ამხანაგური საფეხბურთო მატჩი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და ქალაქ თბილისის მერმა კახა კალაძემ. ასევე  საქართველოს გუნდის შემადგენლობაში შედიოდნენ ქართველი ვეტერანი ფეხბურთელები და  სხვადასხვა  საჯარო უწყებების წარმომადგენლები. შვედური მხარე დაკომპლექტებული იყო  შვედი დიპლომატებით, პოლიტიკოსებითა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებით.
 
ღონისძიება საქართველოში შვედეთის სამეფოს საელჩოს ინიციატივით და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიის და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მონაწილეობით ჩატარდა.


„წელს 10 წელი სრულდება "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატივიდან, რომელიც გახლავთ ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე გეოპოლიტიკური პროექტი და მნიშვნელოვანია, რომ შვედეთმა, როგორც ამ პროექტის  ერთერთმა მთავარმა ინიციატორმა, დღეს შემოგვთავაზა ესეთი საინტერესო ღონისძიება, როცა შვედი ფეხბურთელები ქართული ფეხბურთის ლეგენდებთან ერთად ითამაშებენ და ერთობლივად აღნიშნავენ ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის 10 წლის იუბილეს,“ განაცხადა დავით ზალკალიანმა.
 
აღსანიშნავია, რომ საქართველო 2009 წელს ჩაერთო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინიციატივაში, რომელსაც ფორმალურად საფუძველი 2009 წლის 7 მაისს პრაღის სამიტზე ჩაეყარა და რომლის ინიციატორები იყვნენ შვედეთის სამეფო და პოლონეთის რესპუბლიკა. საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ლიდერი ქვეყანაა, რომელმაც მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.