ალექსანდრე ხვთისიაშვილი ბოცვანის რესპუბლიკის უწყებათაშორისი დელეგაციის წევრებს შეხვდა

4.03.2019 - საქართველოს ოთხდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვია ბოცვანის რესპუბლიკის პრეზიდენტის უფლებამოსილებით აღჭურვილი მაღალი დონის დელეგაცია. ვიზიტის მიზანია საქართველოს მთავრობის მიერ სხვადასხვა სფეროში განხორციელებული წარმატებული რეფორმების გაცნობა და გაზიარება.

 
4  მარტს  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ  ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მიიღო ბოცვანის დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს პრეზიდენტის ეროვნული სტრატეგიის  სამსახურის გენერალური დირექტორის მოადგილე  ბანი კემონილვე მოლოსივა (Ms. Banny K. Molosiwa, Deputy Director General, Office of the President, National Strategy office)
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სტუმრებს გააცნო ქვეყანაში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმები, ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს საგარეო და სავაჭრო-ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ. განხილულ იქნა  აგრეთვე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან ბოცვანის ზოგადი განვითარების სტრატეგიულ დაგეგმარებასა და რეფორმების სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრაზე პასუხისმგებელი მაღალი თანამდებობის პირები შემდეგი უწყებებიდან: ეროვნული დაგეგმვის სამსახური, სტრატეგიული დაგეგმარების და მართვის ცენტრი, ერთიანი ეროვნული შემოსავლების სამსახური, იმიგრაციის სამინისტრო, სტრატეგიული მართვის და რეფორმების კოორდინაციის სამსახური, ინფორმაციის, კომუნიკაციის და ტექნოლოგიების სამინისტრო, ინვესტიციების, ვაჭრობის და მრეწველობის სამინისტრო, სატელეკომუნიკაციო და საფოსტო სამსახური.
 
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ბოცვანის დელეგაციის შეხვედრები იუსტიციის სამინისტროში. დელეგაციის წევრები  ეწვევიან იუსტიციის სახლს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მარტყოფის საინფორმაციო ცენტრს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს,  „აწარმოე საქართველოში“ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს.