ალექსანდრე ხვთისიაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

27.11.2018 თბილისი - ​საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩის ინიციატივით, შედგა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ბ-ნ ალექსანდერე ხვთისიაშვილთან.

საუბარი შეეხო ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) რეფორმირების საკითხს, რომელიც, ელჩის თქმით, საერთაშორისო საზოგადოების გამძაფრებული ინტერესის და არაერთგვაროვანი მიდგომების საკითხად იქცა. ჩინეთის მხარეს განსაკუთრებულად აღელვებს ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობაში პროტექციონისტული ელემენტების შემოტანა, მაშინ როცა თავად ჩინეთი ემხრობა მრავალმხრივი სავაჭრო სისტემის და თავისუფალი ვაჭრობის პრინციპების შენარჩუნებას. ელჩმა გადმოგვცა ჩინეთის მხარის მიერ  შემუშავებული დოკუმენტი (non paper), რომელიც ასახავს ჩინეთის ხედვის სამ ფუნდამენტურ  პრინციპზე აგებულ ხუთ შეთავაზება/წინადადებას (თან ერთვის). მისივე თქმით, მას დიდი იმედი აქვს საქართველოს მხრიდან ჩინეთის პოზიციების გაზიარების, ვინაიდან პროტექციონისტული მიდგომა დამღუპველია ზოგადად თავისუფალი ვაჭრობისთვის და ასევე დამაზიანებელი იქნება საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ერთ-ერთი დერეფნის ფუნქციის განხორციელებაში.  

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ბატონ ელჩს მათი პოზიციების გაზიარებისთვის და, თავის მხრივ, დაადასტურა საქართველოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) პრინციპებისადმი ერთგულება, რომ საქართველოსთვის WTO წარმოადგენს თანამშრომლობის მნიშვნელოვან ფორმატს, რომ ვართ ორგანიზაციის კარგი და საიმედო პარტნიორები. აღინიშნა ისიც, რომ საქართველო არის თავისუფალი და ლიბერალური ვაჭრობის პრინციპების მომხრე. ელჩს მიეწოდა ინფორმაცია, რომ საქართველო აგრძელებს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმების შექნას (მოლაპარაკებებში შესვლას) სხვა ქვეყნებთანაც, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან.  როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ხშირ შემთხვევაში ეს ხანგრძლივი პროცესია, რომელსაც წლები სჭირდება, მაგრამ, როგორც ითქვა, ჩვენ ამ პრინციპის ვეფუძნებით და თანმიმდევრულად ვმუშაობთ.