ალექსანდრე ხვთისიაშვილი ფოთში 26 მაისის აღსანიშნავ ღონისძიებებს ესწრება

26.05.2019 ქ. ფოთი- "მოხარული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანეს დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობ და წარმოვადგენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ ქალაქში, რომელსაც გამორჩეული ადგილი უკავია საქართველოს ისტორიაში. ვულოცავ ფოთელებს და მთელს საქართველოს ამ დღესასწაულს და ვუსურვებ ქვეყნის გამთლიანებას და კეთილდღეობას" - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, რომელმაც ფოთში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა

ფოთის მთავარ მოედანზე დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დილიდან იმართება კონცერტი ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით;   ეწყობა სამხედრო ტექნიკის, ხალხური რეწვის ნიმუშების, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა; იმართება სპორტული შეჯიბრები; მოწყობილია საბავშვო გასართობი და შემეცნებითი კუთხეები. 
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში ფოთის მთავარ მოედანზე  გაიმართა მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია. ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ფოთის მერთან ერთად წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვა. 
პროექტის „გააზიარე ცოდნა“ ფარგლებში ფოთში გამოფენილია საინფორმაციო სტენდები, რომელიც, ერთი მხრივ, ეთმობა წარსულის საინტერესო ცნობებს მნიშვნელოვან მოვლენებსა და გამოჩენილი ადამიანების შესახებ და მეორე მხრივ, მნახველს აცნობს წარმატებულ ადამიანებს, რომლებიც დღეს თავისი ცოდნითა და შრომით ქმნიან მომავალს. ამ კუთხით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართული დიასპორის თემას; დამთვალიერებლები ეცნობიან საზღვარგარეთ მოღვაწე წარმატებულ თანამემამულეებს და  მათ საქმიანობას.  სპეციალურად აგებულ თეატრალურ პავილიონში მიმდინარეობს სხვადასხვა თემატური ეტიუდების ჩვენება. ღონისძიებებში ჩართულია ადგილობრივი საბალეტო დასი.  

სადღესასწაულო ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს 17.10 საათზე, ფოთში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, შესრულდება საქართველოს ეროვნული ჰიმნი, რომლის შემდგომ  გაეშვება საზეიმო ფოიერვერკი. 

საზეიმო ღონისძიებები ფოთში, ქალაქის მთავარ მოედანზე  მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.